წლის მთავარ მოვლენად რჩება პანდემია - წელს სამი მთავარი სიტყვაა და სამივე უკავშირდება ვირუსს, რომელმაც 2 წლის განმავლობაში 5.5 მილიონი ადამიანი შეიწირა: "კორონავირუსი", "ვაქცინა" და "ქიუ არ კოდი".
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა უპრეცედენტოდ მოკლე დროში შეძლეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა, კაცობრიობამ მაინც ვერ შეძლო ახალი კორონავირუსის დამარცხება.
ბერძნულ ანბანში ასოები მცირდება. მსოფლიო უკვე "ომიკრონზეა" მისული, რომელიც მალე ყველა სხვა შტამს ჩაანაცვლებს და რომელიც თავის თავში 50-ზე მეტ მუტაციას მოიცავს.
ახალი შტამების გამოჩენასთან ერთად მსოფლიოს მთავარ გამოწვევად რჩება აქნტივაქსერული მოძრაობა, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენი პლანეტის ისტორიაში 2021 წელი შევა, როგორც ყველაზე დიდი მასშტაბის ვაქცინაციის წელი. დღეს ყველას აქვს იმედი, რომ 2022 პანდემიის დასასრულის წელი გახდება.
ქვეყანა პანდემიის მართვის ახალ ეტაპზე გადავიდა. 1000-ჯერ გაგონილი და ნათქვამი რეალობად იქცა და ადამიანებმა მართლაც ისწავლეს კორონავირუსთან ერთად ცხოვრება.
საქართველომ პანდემიის მორიგი წლის ათვლა დაიწყო და მსოფლიო ქვეყნებთან ერთად ახალი ნაბიჯი გადადგა.
ვირუსის გავრცელებიდან 9 თვის თავზე, იმედისმომცემი ვაქცინების გამოჩენა იყო. პრეპარატის მწარმოებელმა კომპანიებმა ხმამაღალი განაცხადი გააკეთეს. იყო ფარმაცევტული ომებიც, თუმცა გადაუდებელი აუცილებლობისთვის გამოყენების უფლება რამდენიმე ვაქცინამ მიიღო. საქართველომაც "კოვაქს" პლატფორმასთან თანამშრომლობა დაიწყო და 13 მარტს ვაქცინების პირველი პარტია - AstraZeneca-ს 43 ათასი დოზა ქვეყანაში შემოვიდა.
უბედურმა შემთხვევამ და გაუთვალისწინებელმა ფაქტებმა, გარკვეულწილად პროცესიის შეფერხება გამოიწვია, თუმცა Pfizer-ის საქართველოში შემოსვლამ აცრებზე მოთხოვნა გაზარდა - რიგები იმუნიზაციის ცენტრებში, საათობით გახსნილი რეგისტრაციის ფანჯარა და გადატვირთული ოფიციალური პორტალი. წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აცრილიყო, თუმცა ამ ეტაპზე მოსახლეობის მხოლოდ 45%-ია ვაქცინირებული.
მედიასაშუალებები ვაქცინაციის კამპანიაში ჩაერთნენ და ყველა ერთად საკუთარ მაყურებელს აცრისკენ მოუწოდებდა. არჩევანი მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე გაკეთდა.
ვაქცინებზე მოთხოვნა გაიზარდა და პრეპარატის დეფიციტი მსოფლიოშიც შეიქნა. საქართველომ მოლაპარაკებები "კოვაქს" პლატფორმის მიღმა, პირდაპირ ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან დაიწყო. შეფერხებით, თუმცა ეტაპობრივად შემოვიდა ჩინური Sinopharm-ი და Sinovac-იც. მოქალაქეები იმუნიზაციის ცენტრების გარდა მოძრავ ამცრელ პუნქტებსაც აკითხავდნენ.
იმუნიზაციის პროცესის პარალელურად, პანდემიამ განახლებაც დაიწყო, ვირუსმა სახე არაერთხელ იცვალა. ერთმანეთის მიყოლებით 5 თვიანი ინტერვალით ახალ-ახალი ვარიანტები გამოჩნდა. უჰანიდან წამოსული თავდაპირველი ფორმა ჯერ ბრიტანულმა ჩაანაცვლა - მთლიანად დომინანტი გახდა და ლაბორატორიული შემთხვევებიც ქვეყანაში გაორმაგდა.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ინდოეთიდან წამოსულმა ვირუსის ახალმა შტამმა მთლიანად შეცვალა და კიდევ უფრო გაართულა.
ალფა, ბეტა, გამა, ლამბდა, მიუ - ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალ ვარიანტებს ბერძნული ანბანის სახელწოდებები შეუსაბამა და უკვე ყველზე საშიშ და სწრაფად გავრცელებად ვირუსს დელტას სახელწოდება მიენიჭა. ახალმა შტამმა 3 თვეში წინამორბედი მთლიანად ჩაანაცვლა და მსოფლიო პანდემიის მმართველი გახდა.
პირველად საქართველოს საველე ჰოსპიტლების გახსნა დასჭირდა. ცხელი ზაფხული ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც მწვავე იყო. პირველად ქვეყანაში აქტიური შემთხვევების რაოდენობამ 63 ათას მიღწია.
გადატვირთული კლინიკები და ადგილების დეფიციტი – ჯანდაცვის სისტემა კიდევ ერთხელ დიდი გამოწვევის წინაშე დადგა.
ისტორია სიკვდილთან ომით, გაუსაძლისი ტკივილებით, ლოცვით და ხანდახან სიმღერით – ადამიანები მეორე სიცოცხლისთვის იბრძოდნენ.
ვირუსთან ომი საუკუნის ადამიანებმაც მოიგეს. 111 წლის ქალმა რესპუბლიკური საავადმყოფო ინფიცირებიდან 10 დღეში დატოვა. ვირუსთან ბრძოლაში დაღლილი თუმცა გამარჯვებული, 101 წლის ვენერა პაპიძეც იყო.
პანდემიასთან ომში დამარცხებულიც ძალიან ბევრი იყო. ერთი დღეში 6 208 დადასტურებული ფაქტი და 86 გარდაცვლილი. დელტას თვისებებმა ვირუსის მაჩვენებლები რეკორდულად გაზარდა.
რთული გამოწვევებიდან გამომდინარე ქვეყანამ მიზნად დაისახა მოკლე პერიოდში მეტი იმუნური ფენის ჩამოყალიბება მოესწრო, საკოორდინაციო საბჭომ კი 3 კვირიანი მინიმალური შეზღუდვები აამოქმედა.
პრევენციული კამპანია "რუსთავი 2-მაც" დაიწყო – მიზანი იყო ადამიანებისთვის გვეჩვენებინა პატარა აქსესუარს, პირბადეს რამდენად აქვს შესაძლებლობა ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს.
ორი მწვანე პასპორტი, ვადიანი და უვადო გამოყენებისთვის - აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. მოქალაქეები სხვადასხვა დაწესებულებებში მხოლოდ ამ საშვის პრინციპით გადაადგილდებიან.
მსოფლიო მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ომიკრონი შესაძლოა პანდემიის დასასრულის დასაწყისი იყოს, თუმცა ჯერ ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
კითხვა, რომელიც ყველას აწუხებს, დაუბრუნდება თუ არა ქვეყანა საწყისი ათვლის წერტილს ჯერ პასუხგაუცემელია, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბოლო განცხადებით, მსოფლიო პანდემიის დასასრული 2022 წელი იქნება.