კომპანია "თელმიკოსა" და "თელასის" შემოწმებას სემეკის სპეციალისტებით დაკომლექტებული ჯგუფი მომდევნო კვირიდან დაიწყებს.
საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ თუკი დადგინდა რომ მოქალაქეებმა ზედმეტი გადასახადი გადაიხადეს, ეს დაკორექტირდება და მომდევნო თვის გადასახდელების ანგარიშზე დაჯდება. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არასწორ დარიცხვებს ექნება ადგილი, კომპანიები გაორმაგებული თანხით დაჯარიდებიან.
"იმ შემთხვევაში, თუ არასწორ დარიცხვებს ექნება ადგილი, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ეს დაუკორექტირდებათ აბონენტებს და ზედმეტად გადახდილი თანხები დაუჯდებათ მომდევნო გადასახდელების ანგარიშში და გაექვითებათ და მიღებულ იქნება გადაწყვეტილება კომპანიებისთვის გაორმაგებული მოცულობით დაჯარიმების შესახებ, ვინაიდან, გასულ წელს, არასწორი დარიცხვების გამო, ჩვენ ორივე კომპანია დაჯარიმებული გვყავს,“ - ამბობს დავით ნარმანია.
კომპანიების შემოწმების პროცესში ერთვება ენერგოომბუდსმენი. სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ უკვე დაიწყო მიზეზების შესწავლა და ახსნა-განმარტებებიც გამოთხოვილია. თუმცა ამბობს, რომ პირველადი შეხედვით, ხარვეზი ეხება აღრიცხვიანობის პრობლემას.
"პირველადი სურათი ასეთია, რომ აქ ადგილი აქვს არა გაზრდილი ტარიფით დარიცხვას, არამედ, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს აღრიცხვიანობის დარღვევას მასობრივად, რაც მომხმარებლების ინტერესებზე უარყოფითად აისახა,“ - აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა.
ენერგო კომპანიებში შესვლის გადაწყვეტილებას მარეგულირებელ კომისიაში მოქალაქეების ნაწილის უკმაყოფილებას უკავშირებენ და ამბობენ, რომ დეკემბერსა და იანვარში გაზრდილი გადასახადის გამო კომისიაში 100-მდე საჩივარია შესული.