07 მაისი 2024,   14:28
ვრცლად
"ეს კომპანია ამ ნაბიჯს ვერ გადადგამდა ხელისუფლების ნებართვის გარეშე" - რას პასუხობს "ოცნება" მელიას ბრალდებას Georgian Airways-ის Мир-ის სისტემაში ჩართვასთან დაკავშირებით

ავიაკომპანია Georgian Airways- ის გადაწყვეტილება, ჩაერთოს რუსული გადახდის სისტემაში "მირ" დილიდან პოლიტიკური განხილვის თემაა. ბრიფინგი გაიმართა "ნაციონალურ მოძრაობაში", სადაც ნიკა მელიამ კომპანიის დამფუძნებელს მიმართა და აღნიშნა, რომ მორალურ ჩარჩოებში არ ჯდება, Georgian Airways-ი შეუერთდეს სისტემას, რომელიც რუსეთს აძლევს შესაძლებლობას გვერდი აუაროს დაწესებულ სანქციებს. მისივე თქმით, ავიაკომპანიის ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

"რუსეთმა სანქციების თავის არიდების მიზნით შექმნა შიდა რუსული პლასტიკური ბარათების სისტემა სახელწოდებით "მირ" და ორი დღის წინ საქართველოში მოხდა წარმოუდგენელი რამ - ამ რუსულ სისტემაში, რომელიც შეიქმნა დასავლეთის მიერ სანქციების თავის ასარიდებლად რუსეთის მხრიდან, სწორედ ამ სისტემაში ჩაერთო ქართული ავიაკომპანია Georgian Airways. რა თქმა უნდა, ეს კომპანია ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა და ამ ნაბიჯს ვერ გადადგამდა ხელისუფლების თანხმობის და პირდაპირი ნებართვის გარეშე. ივანიშვილ-ღარიბაშვილის მთავრობის მხრიდან ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი, სამარცხვინო და უღირსი ქმედება,"-განაცხადა ნიკა მელიამ. 

განცხადებას უკვე უპასუხეს "ქართულ ოცნებაში".

"რასაკვირველია, ამ განცხადებამ, მით უმეტეს ასეთი ხისტი ფორმით საშუალება მისცა კვლავ "ნაცმოძრაობას" ილაპარაკოს იმაზე, რაზეც ათმაგი და ასმაგი დანაშაული აქვს ჩადენილი ომამდე თუ ომის შემდეგ. ზოგადად, გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკავშირდება ეკონომიკურ სანქციას, ეს არის თემა, რომელიც საქართველოს ათმაგად, ასმაგად და განუზომლად უფრო მეტად დააზარალებს, ვიდრე საერთოდ შეიძლება წარმოვიდგინოთ. რაც შეეხება "აირზენას" თემას, თავის საკითხს თავად გასცეს პასუხი, მათ შორის, ქართული საზოგადოების წინაშე, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს რომ რუსეთის ფედერაციაში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს,"- აცხადებს "ოცნების" წევრი გია ვოლსკი. 

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს ავიაკომპანია Georgian Airways საიტზე გადახდის სისტემაში "მასტერქარდისა" და "ვიზას" გვერდით რუსული Мир-იც გაჩნდა. ფინანსური სანქციების შემდეგ ეს ერთადერთი საშუალებაა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსულ ბარათებს ფლობენ, ივაჭრონ ონლაინ ან საზღვარგარეთ გადარიცხონ ფული, თუმცა არა ყველგან. Мир​-ის სისტემაში ჩართვის შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელმა, თამაზ გაიაშვილმა თქვა, რომ მისთვის ინტერესის საგანია ბილეთების გაყიდვა და არა ის, თუ რითი მოხდება ეს.

დღის ამბები