26 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
გამოიყენებს თუ არა პუტინი ბიოლოგიურ იარაღს - დასავლეთის მოლოდინები

დასავლეთი კრემლისგან უკრაინაზე ქიმიურ თავდასხმას არ გამორიცხავს - მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინელების მხრიდან ქიმიური იარაღის შექმნის და გამოყენების შესახებ ალაპარაკდა, ევროპელმა ლიდერებმა ახალი სიგნალი მიიღეს. 

თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას შეეცდება ეს მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურას ახალი რეალობის წინაშე დააყენებს და საპასუხო ქმედების აუცილებლობას გააჩენს- ასეთია პოლონეთის პრეზიდენტის პოზიცია. ანდჟეი დუდამ BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პუტინს პოლიტიკური ომი წაგებული აქვს, რაც მისი ქმედებების პროგნოზირებას ართულებს. დუდას აზრით, ოკუპანტი კასეტურ ბომბებს უკვე იყენებს, ბაქტერიული იარაღით მოქმედების შემთხვევაში კი NATO-ს პოზიცია ომში ჩაურევლობასთან დაკავშირებით უნდა შეიცვალოს. 

ქიმიური იარაღის შექმნისა და გამოყენების შესახებ რუსული პროპაგანდის ბრალდებები დასავლეთის მიმართ, ყურადსაღებ მოვლენად მიაჩნია იენს სტოლტენბერგს. NATO-ს ​ გენერალურმა მდივანმა გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ ბრალდებების საფარქვეშ აგრესორი ბიოლოგიურ თავდასხმას თავად ამზადებდეს.

ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას რუსეთის მხრიდან არც ბორის ჯონსონი გამორიცხავს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ომის დანაშაულს რამდენიმე დღის წინ რუსული ტაქტიკის ორგანული ნაწილი უწოდა. ჯონსონის აზრით, რუსეთის მხრიდან ყალბი ისტორიების გავრცელება, დასავლეთმა საფრთხის მანიშნებელ სიგნალად უნდა აღიქვას. 

ქიმიური თავდასხმის შესაძლებლობას არც შეერთებული შტატების არმიის ყოფილი გენერალი რობერტ აბრამი გამორიცხავს. ყოფილი სამხედრო ომის კანონების დარღვევას პუტინის ხელწერას უწოდებს და ამის დამადასტურებლად სირიის 2013 წლის მოვლენები და ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობა მოჰყავს. 

რა გადაწყვეტილებას მიიღებს პუტინი ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ომის მიმდინარეობასა და შედეგებზე იქნება დამოკიდებული. როგორც ცნობილია, უკრაინის პროკურატურამ რუსეთის მხრიდან კასეტური და სხვა აკრძალული შეიარაღების გამოყენების გამო საერთაშორისო სასამართლოსთვის მტკიცებულებების შეგროვება უკვე დაიწყო.

დღის ამბები