07 მაისი 2024,   15:01
ვრცლად
ქალბატონმა სალომემ მჭლე სამიანი დაგვიწერა, მოდი გავუსწოროთ თვალი რეალობას და ვაღიაროთ, რომ ვიმსახურებდით - დავით უსუფაშვილი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, "ლელოს" წევრმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის დღევანდელ მოხსენებას ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატური უწოდა და განაცხადა, რომ სახელმწიფოებრივად აზროვნებას ქვეყანაში გაძლიერება სჭირდება.

"კოლეგებო ყველას სიმხნევეს გისურვებთ, რადგან ყველას ჩვენ ერთად ქალბატონმა სალომემ ცოტა ხნის მჭლე სამიანი დაგვიწერა. მაგრამ მოდი გავუსწოროთ თვალი რეალობას და ვაღიაროთ, რომ ამას ვიმსახურებდით და გამოსავალიც გვაჩვენა და თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, მე მგონი, შევძლებთ შევასრულოთ ჩვენი როლი და დანიშნულება ამ მძიმე ვითარებაში. არაერთი მოხსენება მომისმენია, მინდა განვაცხადო რომ პრეზიდენტის დღევანდელი მოხსენება იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ადეკვატური და სახელმწიფოს მეთაურისებრი,"- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. 

დავით უსუფაშვილმა ინსტიტუციების ადეკვატური მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ აგრძელებს ცხოვრებას არასახელმწიფოებრივ სივრცეში.

"ამიტომაა შესაძლებელი, რომ ჩვენ სახელმწიფო ვერ დავამკვიდრეთ და ეს მხოლოდ ბოლო 10 წელწადში არ მომხდარა, არც იმის წინა 9 და არც იმის წინა 8 წელწადში. ეს უნდა გავიაზროთ ყველამ, რომ სისტემაა შესაცვლელი. სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა, რომ პრემიერს არ ეცლება პარლამენტში მოსასვლელად, ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, რომ უმრავლესობა ჩაკეტავს შემოსასვლელ დარბაზს, ჩვეულებრივი იქნება, რომ ოპოზიცია პარლამენტში მუხლჩაუხრელი მუშაობის ნაცვლად მთელი წელი ხან არშემოსვლის, ხან შემოსვლის, ხან არგასვლის გამართლებაში იქნება და ვერ შედგება ინსტიტუციურად პარლამენტი. ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, რომ მრავალპარტიულობის დამკვიდრების ნაცვლად ჩვენთან იმართება მრავალი პარტიის შეჯიბრი ერთპარტიულობის ხელში ჩასაგდებად, ძალაუფლების მოსაპოვებლად და მისი ხელიდან აღარ გასაშვებად. სისტემაა შესაცვლელი და ქალბატონი პრეზიდენტის მოხსენებაში ამ დამატებას შევიტანდი. ერთ კონკრეტულ საკითხში ერთ სამიანს მეც დავუწერდი, იმიტომ რომ მტრობამ, შუღლმაურთიერთგაუტანლობამ, შავმა პიარმა, ამ ქვეყანაში ისტორიულ მაქსიმუმს სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს მიაღწია, ეს ილექება საზოგადოებაში. ამიტომ გავუფრთხილდეთ ყოველ სიტყვას და ქმედებას. ახლა მაინც, როდესაც ქვეყანას ემუქრება არამხოლოდ  უზარმაზარი საფრთხეები, არამედ გაუჩნდა უზარმაზარი შანსებიც,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, შექმნილ ვითარებაში აუცილებელია ქვეყნის პოლიტიკურმა სპექტრმა უზრუნველყოს როგორც ქვეყნისთვის მოსალოდნელი საფრთხეების არიდება, ასევე ქვეყნის რაც შეიძლება უკეთესი პოზიციონირება ახალი მსოფლიოს წესრიგში.

"აუცილებელია იმ ტიპის სტრატეგიული გეგმის შედგენა, რაზეც ქალბატონი პრეზიდენტი საუბრობდა. სახელმწიფოს გეგმის და არა რომელიმე ერთი პარტიის და ერთი ლიდერის, რომელიც უზრუნველყოფს ერთდროულად ქვეყნისთვის მოსალოდნელი საფრთხეების არიდებას და ქვეყნის რაც შეიძლება უკეთეს პოზიციონირებას, ამ ომისა და უბედურების დასრულების შემდეგ ახალი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრების პროცესში. თუ დღესვე ორივე მიმართულებით არ ვიაქტიურეთ, ჩამოვრჩებით და იგივე დაგვემართება, რაც 90-იან წლებში, როდესაც აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის მსგავსად ვერ მოვახერხეთ შეგვექმნა ჩვენი ქვეყნისთვის  უსაფრთხოებისა და ეკონომიკური აღმავლობის და თავისუფლების ქოლგა. ამას სჭირდება ერთდროულად რამდენიმე რამის გაკეთება: პირველი - საქართველომ არ უნდა დაუშვას ომში ჩართვა, ამავდროულად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო მზად იყოს თავდასხმის მოგერიებისთვის, როგორც ომის პროპაგანდაა დაუშვებელი, ისევე ქვეყნის სისუსტის პროპაგანდაა დაუშვებელი დანაშაული. მტერმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ სათანადოდ დავხვდებით, ეს არაა ომის რიტორიკა, ესაა თავდაცვის პოლიტიკა. მეორე - ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მჭიდროდ დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელმაც გვიან მაგრამ გაიღვიძა და სანამ ღვიძავს უნდ შევახსენოთ საქართველოს არა მხოლოდ გასაჭირი, არამედ საქართველოს საჭიროებაც. და მთავარი - დღევანდელი დღიდან მაინც ნუ გავიგებთ იმას მაინც, რაც მხოლოდ ყურს სიამოვნებს, საქართველოს სჭირდება სახელმწიფოებრიობის გამავრცელებელი საზოგადოება," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღის ამბები