03 მაისი 2024,   15:23
ვრცლად
ჯაველინები, სტინგერები, ნაღმტყორცნები - დახმარებას რომელსაც აშშ უკრაინას უგზავნის, კრემლიდან მუქარა უკვე მოჰყვა

კიევი ვაშინგტონისგან დამატებით 2000 ჯაველინს უახლოეს დღეებში მიიღებს. ამას პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ხელმოწერილი დახმარების ახალი პაკეტი ითვალისწინებს. 800 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი შეიარაღების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.  

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად იზრდება უკრაინის არმიის თავდაცვის შესაძლებლობები. ამერიკული დახმარების ახალ პაკეტში შედის - 600 სტინგერი, 2000 ჯაველინი, 100 ნაღმტყორცნი, 100 ე.წ. თვითმკვლელი დრონი, გარდა ამისა, უკრაინაში იგზავნება 20 მილიონი ვაზნა, ცეცხლსასროლი იარაღი, 25 ათასი ჯავშან ჟილეტი და ჩაფხუტი.

ჯაველინი გასროლის წერტილიდან ჰაერში რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე ადის, რის შემდეგაც ხმელეთზე არსებულ სამიზნეს 98 პროცენტიანი სიზუსტით ანადგურებს. ის ტანკს ყველაზე დაუცველ და ნაკლებად დაჯავშვნულ ადგილას ხვდება. 

სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვას მნიშვნელოვნად დაეხმარება ე.წ. თვითმკვლელი დრონებიც. ეს უპილოტო საფრენი აპარატი დისტანციურად იმართება, მყისიერად პოულობს სამიზნეს და შეჯახებისას მომენტალურად ფეთქდება.

შეერთებულ შტატებში დარწმუნებულები არიან, რომ ახალი სამხედრო დახმარება გააორმაგებს უკრაინის ბრძოლისუნარიანობას და მნიშვნელოვნად გაზრდის მტრის მოგერიების შანსებს, თუმცა ნატოს უშუალო ჩართულობით უკრაინის ცის ჩაკეტვა კვლავაც მიზანშეუწონლად მიაჩნიათ.

ამ დრომდე შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და სხვა 30-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინას უკვე მიაწოდა თანამედროვე ტიპის შეიარაღება. უკრაინელი სამხედროები დასავლეთის დახმარებას ფრონტის ხაზზე ეფექტურად იყენებენ.

უკრაინაში დასავლური შეიარაღების გაგზავნა მოსკოვისთვის მიუღებელია. რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირი ღიად მიანიშნებს, რომ ეს პროცესი რუსეთთან კონფრონტაციაში ჩაბმის მცდელობაა, რასაც კრემლი რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

რუსეთის ამ პოზიციის მიუხედავად, უკრაინამ ომის დაწყებიდან დღემდე უკვე მიიღო რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება. 

 

 

 

დღის ამბები