16 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
პოლიტიკური უმცირესობის აქცია გუშინ ძალადობის ახალ დონეზე ავიდა და უკვე მოქალაქეებზე ძალადობის ხასიათი მიიღო - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, გუშინდელმა საპროტესტო აქციამ, რომლის დროსაც გმირთა მოედანი და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ქუჩები გადაიკეტა, მოქალაქეებზე ძალადობის ხასიათი მიიღო.

შალვა პაპუაშვილი ხაზს უსვამს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ლიდერების მოწოდებების გამო გასცდა აქცია მშვიდობიანი შეკრების ფორმას.

"გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ ძალადობის ახალ დონეზე ავიდა პოლიტიკური უმცირესობის ეს აქცია და უკვე მოქალაქეებზე ძალადობის ხასიათი მიიღო. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გადაიკეტა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი არტერია. ადამიანებს ესაჭიროებოდათ სამედიცინო დაწესებულებებში მისვლა. იყვნენ ქალები, ბავშვები, მოხუცები, რომელთაც სჭირდებოდათ გავლა, მაგრამ არავის არ ატარებდნენ. ეს უკვე პირდაპირი ძალადობაა საქართველოს მოქალაქეებზე. პროტესტის გამოხატვა საქართველოს კონსტიტუციის უზრუნველყოფილია ყველასთვის, მშვიდობიანი ფორმით. ყველა უნდა ჩაეტიოს მშვიდობიან ფორმაში და ამან არ უნდა მიიღოს ძალადობრივი ფორმა.

ამ ყველაფერში შემაშფოთებელია, რომ გარკვეული სიმბიოზია პარტიებისა და "ენჯეოებისა", რომლებიც ორგანიზებას უწევენ ამ აქციებს. სწორედ "ენჯეოს" ხელმძღვანელები მოუწოდებდნენ შეკრებილებს, რომ ან პარლამენტის პიკეტირება მოეხდინათ, რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, ან გადაადგილებულიყვნენ სხვადასხვა ქუჩების მიმართულებით რაც, თავის მხრივ, იწვევდა გარკვეულ ექსცესებს. "ენჯეოების" ლიდერების მოწოდებების საფუძველზე ხდებოდა ხოლმე ძალადობა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს გმირთა მოედანი პროტესტის ნიშნად იმ დემონსტრანტებმა გადაკეტეს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს უწყვეტად აპროტესტებენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების ნაწილმა გზა გადაკეტა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროსთან და ვარაზისხევთან. პროტესტის ამგვარმა ფორმამ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა აქციის მონაწილეები გზის გაგრძელების საშუალებას აძლევდნენ მათ, ვისაც მანქანაში მცირეწლოვანი ბავშვი და ხანდაზმული ადამიანი ეჯდა.

დღის ამბები