28 აგვისტო 2026,   22:36
ვრცლად
ამ წუთებში განგაშის სიგნალის ხმა უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში ისმის - დაბომბვები გრძელდება ჩერნიგოვსა და ბორისპოლთან

ამ წუთებში განგაშის სიგნალის ხმა ისმის უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში - დაბომბვები გრძელდება ჩერნიგოვსა და ბორისპოლთან. იერიშები ხორციელდება სამოქალაქო ობიექტებზე. უკრაინული მხარის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში ავიაციის რაოდენობა გაზარდეს. გამთენიისას კრივოი როგის გარეუბანი ოკუპანტებმა გრადებით დაბომბეს. დანგრეულია საცხოვრებელი კორპუსები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალები აგრძელებენ, მტერზე დარტყმების მიყენებას. ოკუპანტები ცდილობდნენ დროებით ოკუპირებული საზღვრების შეკავებას. მათ წარმატებას მიაღწიეს გარკვეულ რაიონებში. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების და სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა მოწინააღმდეგის 9-ზე მეტი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. არსებული ინფორმაციით, უკრაინაში მოქმედ რუს საოკუპაციო ძალებს დარჩენილი აქვთ 3 დღის საბრძოლო მასალა და საკვების მარაგი. უკრაინის წინააღმდეგ რუსი აგრესორები აგრძელებენ აგრესიულ პროპაგანდას ბელორუსის შეიარაღებული ძალების პერსონალთან ერთად. 300-მდე ოკუპანტმა უარი თქვა საომარი მოქმედებების ბრძანების შესრულებაზე და 70 ერთეული ტექნიკასთან ერთად დატოვა ტერიტორია," - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის პრესცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე სტუპუნი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სპიკერი იგორ კონაშენკოვი კი ამბობს, რომ რუსულ მხარეს გააჩნია მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ "კიევის ნაციონალისტური რეჟიმი სამოქალაქო ობიექტებს თავშესაფრად იყენებს".

"კიევის გარეუბანში, ვინოჰრადარის რაიონში, უკრაინული ნაციონალისტური ნაწილები რამდენიმე დღის განმავლობაში იმალებოდნენ საცხოვრებელ კორპუსებს შორის და სარაკეტო სისტემებიდან ესროდნენ რუს სამხედროებს. ამავდროულად, ახლომდებარე სავაჭრო ცენტრის ტერიტორიები გამოიყენებოდა, დიდ ბაზად სარაკეტო საბრძოლო მასალის შესანახად და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გადატვირთვისთვის. მათი საბრძოლო მასალა სავაჭრო ცენტრში განადგურდა მაღალი სიზუსტის შორი დისტანციური იარაღით. ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ კიევის ნაციონალისტური რეჟიმი სამოქალაქო ობიექტებს თავშესაფრად იყენებს," - აცხადებს იგორ კონაშენკოვი.

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკის ინფორმაციით, დღეს პრიორიტეტული საკითხი მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია იქნება.

"დღეს ჩვენ ორიენტირებულები ვართ მარიუპოლის მოსახლეობის ევაკუაციაზე. მარიუპოლიდან ქალაქ ზაპოროჟიეში ხალხის ევაკუაცია სამი მარშუტით განხორციელდება. გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, თუმცა ჩვენ არავის დავტოვებთ უყურადღებოდ, საევაკუაციო რეისები ყოველდღიურად გაგრძელდება. უკვე გზაშია 21 ავტობუსი ჰუმანიტარული დახმარებით ზაპოროჟიედან მარიუპოლისკენ. გრძელდება მარიუპოლში კერძო ავტომობილების საწვავით უზრუნველყოფა," - განაცხადა ირინა ვერეშუკმა

დღის ამბები