მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება.
სასამართლო დღეს სამ ეპიზოდს განიხილავს. ამ წუთებში მიმდინარეობს პროცესი, რომელიც "რუსთავი2-ის" ჟურნალისტის თამარ თათარაშვილის და ოპერატორ ილია თვალიაშვილის ეპიზოდს ეხება. დღეს სასამართლო ასევე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს ლექსო ლაშქარავას და რატი წვერავას ეპიზოდებთან დაკავშირებითაც. პროცესზე დასკვნით სიტყვას ამბობს ილია თვალიაშვილის ადვოკატი. რის მერეც მოსამართლე სათათბიროდ უნდა გავიდეს.
სასამართლოს ეზოში შეკრებილები არიან დაკავებულების ახლობლები. შეკრებას გეგმავენ ის ჟურნალისტებიც, რომლებსაც 5 ივლისის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აქვთ.
ადვოკატებს მოლოდინი აქვთ, რომ სასამართლო მათი დაცვის ქვეშ მყოფებს დამნაშავედ არ ცნობს, საპირისპიროს ელოდება ბრალდების მხარე.
"დარწმუნებულები ვართ, რომ ის მტკიცებულებები, რაც ჩვენ სასამართლოში წარმოვადგინეთ და გამოვიკვლიეთ გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ თითოეულმა ბრალდებულმა ჩაიდინა, მათთვის ბრალადშერაცხული დანაშაულებრივი ქმედება და ბუნებრივია ბრალდების მხარის მოლოდინია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი," - აცხადებს პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე.
უსაფრთხოების მიზნით, საქალაქო სასამართლოსთან დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, საქმე ეხება 5 ივლისს ღირსების მარშის კონტრაქციაზე განვითარებულ პროცესებს, რა დროსაც იძალადეს ჟურნალისტებზე. საქმეს 50-მდე დაზარალებული და 30-მდე დაზარალებული პირი ჰყავს.