06 მაისი 2024,   22:51
ვრცლად
"უსამართლობას ვერ იტანდა და ვერ გაჩერდა აქ" - რა ვითარებაში დაიღუპნენ უკრაინაში ქართველი მებრძოლები

რუსეთის წინააღმდეგ ომში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დავით მენაბდიშვილი და ნიკოლოზ შანავა ხარკოვში ერთ-ერთი მძიმე ბრძოლის დროს საარტილერიო შეტევას ემსხვერპლნენ. კიდევ ოთხი ქართველი მებრძოლი კი დაჭრილია. უკრაინაში საქართველოს საელჩო უკვე ინფორმირებულია ქართველი მებრძოლების გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ოჯახთან ისინი მუდმივ კომუნიკაციაში არიან და დაწყებულია პროცედურები, რათა დროულად მოხდეს გარდაცვლილების სამშობლოში გადმოსვენება. 

9 წლის დავით მენაბდიშვილი და 21 წლის შანავა ქალაქ ხარკოვის გათავისუფლების ოპერაციაში იღებდნენ მონაწილეობას, რა დროსაც საოკუპაციო ძალებმა დაიწყეს ქალაქის დაბომბვა. 2 ქართველი მებრძოლი სწორედ დრონებით დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა. ბრძოლის ველიდან მათი გადმოყვანა შეძლეს თანამებრძოლებმა, რომელთაც ასევე მიიღეს მძიმე დაზიანებები და, ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის ისინი მოთავსებულები არიან სპეციალურ სამედიცინო პუნქტში, სადაც განაგრძობენ მკურნალობას.

დღეს "კურიერი" იმყოფებოდა რუსთავში, დავით მენაბდიშვილის საცხოვრებელ სახლში, სადაც "კურიერი" გარდაცვლილის ახლობლებს და ოჯახის წევრებს ესაუბრა. მათივე ინფორმაციით, ის 2014 წელს დონბასის ომშიც იღებდა მონაწილეობას.

"შრომობდა, ჯარში იყო, ყირიმისა და დონბასის ომშიც მონაწილეობდა 2014 წელს, ჩამოვიდა, იყო ცოტა ხანი, დაიწყო არეულობა და ისევ წავიდა. შეეწირა ამ უბედურებას,"-აცხადებს გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი.

"ძალიან კარგი ადამიანი იყო, ეზოში ყველას უყვარდა, ყველა პატივს სცემდა. ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით და ცუდს ვერაფერს ვერ გავიხსენებ, ძალიან კარგი ბიჭი იყო, ყველას გული ატკინა. უსამართლობას ვერ იტანდა და ვერ გაჩერდა აქ,"-აცხადებს გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი.

დღის ამბები