07 მაისი 2024,   12:58
ვრცლად
ემანუელ მაკრონი ხელისუფლების სათავეში კიდევ 5 წელი დარჩება, პუტინის ფავორიტი მარინ ლე პენი კი კვლავ ოპოზიციაშია

ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთხელ დამარცხდა, ამჯერად საფრანგეთში. ემანუელ მაკრონი ხელისუფლების სათავეში კიდევ 5 წელი დარჩება. მაკრონს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნდობა 59%-მა გამოუცხადა. არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საფრანგეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის იყო, რადგან მაკრონის კონკურენტ ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს გამარჯვების საკმაოდ დიდი შანსი ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სასურველი კანდიდატი მაკრონი არ იყო, არჩევნებზე სწორედ იმიტომ მივიდნენ, რომ ლე პენის გამარჯვება, მისი პუტინთან ახლო კონტაქტების გამო მიუღებელი იყო.

პირველი მილოცვები საფრანგეთის არჩეულმა პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებისგან უკვე მიიღო. მაკრონს გამარჯვება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიულოცა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთში პრეზიდენტი ზედიზედ მეორე ვადით აირჩიეს.

ლე პენი, დამარცხების მიუხედავად, შედეგებით კმაყოფილია და თვლის, რომ ულტრამემარჯვენე კანდიდატისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 41%-ის აღება საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

არჩევნების შედეგების გამოცხადებას ულტრამემარჯვენეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. დემონსტრაცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მომდევნო 5 წელი რომ პროდუქტიული იქნება, ეჭვი არ ეპარებათ მაკრონის მინისტრთა კაბინეტში. მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საფრანგეთის არჩეული პრეზიდენტი მოსახლეობისთვის გაცემულ დაპირებებს შეასრულებს.

ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის მაკრონის პოლიტიკა მისაღებია, მეტიც, ადგილობრივები იმედს იტოვებენ, რომ არჩეული პრეზიდენტი შეძლებს გაზრდილი ფასებისა და კოვიდით გამოწვეული კრიზისების მართვას.

გერმანიის, ესპანეთის და პორტუგალიის ლიდერებმა ფრანგ ამომრჩევლებს საგაზეთო სტატიებში პირდაპირ მოუწოდეს მაკრონის მხარდაჭერისკენ და ლე პენს "პოპულისტი და მემარჯვენე ექსტრემისტი" უწოდეს.

როგორი იქნება მაკრონის მომდევნო 5 წელი, გააგრძელებს თუ არა ახლად არჩეული პრეზიდენტი დაწყებულ საგარეო კურსს, ამას უკრაინასთან ერთად დანარჩენი მსოფლიოც დიდი ინტერესით დააკვირდება.

დღის ამბები