უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, არკადი კასრაძე და ზაზა ბიწაძე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ისინი ლუჰანსკის ოლქში 16 აპრილს დაიღუპნენ.
40 წლის არკადი კასრაძე ერგნეთში დაკრძალეს. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი იყო, იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.
"მისი თანამებრძოლებისგან ვიცი, რომ არკადიმ მოასწრო 2 ჩეჩენი ტერორისტის განეიტალება. როდესაც არკადი აზღვევდა მისი თანამებრძოლების საცეცხლე პოზიციაზე უსაფრთხო გადაყვანას, მაშინ მიიღო სასიკვდილო ჭრილობა. ეს ადამიანები არიან გმირები," - განაცხადა არკადი კასრაძის ნათესავმა.
რუსთავში დაკრძალეს 50 წლის ზაზა ბიწაძე. ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა. იყო აფხაზეთის ომის ვეტერანი.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 24 თებერვლიდან, უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.