17 მაისი 2024,   13:36
ვრცლად
რუსეთმა სამი რაკეტა გაუშვა, რომ პირდაპირ გადაეფრინათ ატომური ელექტროსადგურების ბლოკების თავზე, საერთოდ ვერ ხვდებიან, რა არის ჩერნობილი - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ღამის ტრადიციული, შემაჯამებელი მიმართვის მთავარი თემა რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეები იყო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება უკრაინაში მდებარე ატომურ ელექტროსადგურებზე გაამახვილა და რუსეთის ატომურ ობიექტებსა და ბირთვულ ტექნოლოგიაზე საჭირო გლობალურ კონტროლზე ისაუბრა.  

"რუსეთმა სამი რაკეტა გაუშვა უკრაინის წინააღმდეგ, რომ პირდაპირ გადაეფრინათ ჩვენი ატომური ელექტროსადგურების ბლოკების თავზე. ერთდროულად სამ ატომურ ელექტროსადგურზე: ზაპორიჟიეს, ხმელნიცკისა და სამხრეთ-უკრაინული ატომური ელექტროსადგურების თავზე. რა არის ეს? გვემუქრებიან? ისინი საერთოდ ვერ ხვდებიან რა არის ჩერნობილი.

რუსულმა ჯარებმა, რომლებიც ცდილობდნენ ჩერნობილის ზონის გავლით კიევზე თავდასხმას, აკრძალული ტერიტორია სამხედრო ბაზად გამოიყენეს. 
მათ პოზიციები დაიკავეს მიწაზე, სადაც დგომაც კი აკრძალულია. ჯავშანტექნიკით გადაადგილდებოდნენ იმ ადგილებში, სადაც რადიაციით დაბინძურებული მასალებია ჩამარხული და სადაც რადიოაქტიური ნაწილაკების რაოდენობა უბრალოდ საზარელია. მათ გაანადგურეს დოზიმეტრული საკონტროლო წერტილები.

ჩერნობილის რადიაციის მონიტორინგის სისტემა დაამტვრიეს და გაძარცვეს. მათ გაძარცვეს ბირთვული ანალიტიკური ლაბორატორია... მათ მოიპარეს დაბინძურებული ნივთებიც კი.

მხოლოდ ჩერნობილის სადგურსა და ამ ზონის სხვა ობიექტებზე მომუშავე ჩვენი სპეციალისტების პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების დამსახურებით მოვახერხეთ უკრაინისა და ევროპის გადარჩენა ახალი კატასტროფისგან. 

რუსეთის ხელმძღვანელობის საბოლოო მიზანი არ არის მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდება, არამედ მთელი ევროპის აღმოსავლეთის დაშლა და გლობალური დარტყმის მიყენება დემოკრატიისთვის.

დღეს რუსეთის ჯარებმა განაგრძეს სარაკეტო დარტყმები ჩვენს მიწაზე, კერძოდ ოდესის რეგიონში. მათ განაგრძეს ჩვენს ჯარებზე შეტევა ხარკოვის მახლობლად, დონბასში. ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ მოჩვენებითი "ახალი მთავრობა" ხერსონსა და ზაპორიჟიესს რეგიონის ნაწილში. ცვლიან დროშებს.

რუსების უმრავლესობას თავიანთი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის აგრესიული ქმედებების საფასურის გადახდა სიღატაკით მოუწევს," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

დღის ამბები