28 აპრილი 2024,   19:12
ვრცლად
"საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ მუდმივ და არსებით პროგრესს აღწევს" - რა წერია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაში

როგორ შეასრულა საქართველომ ნაკისრი ვალდებულებები - ამის შესახებ ანგარიში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა მოამზადა.

დოკუმენტის საფუძველზე შემუშავდა რეზოლუციაც, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი ერთხმად დაუჭირა.

გაიმართა დებატებიც, სიტყვით გამოვიდნენ ქართული დელეგაციის წევრები, როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან. 

ასევე განცხადებები გააკეთეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა:

"საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ მუდმივ და არსებით პროგრესს აღწევს ამ ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებების პატივისცემის კუთხით, ამას ვაფასებთ, თუმცა რჩება რამდენიმე შეშფოთების საგანი, რაც გადაჭრას საჭიროებს, ნებისმიერი ცვლილება მოითხოვს პოლიტიკური ნებას, მათ შორის ერთად მუშაობის ნებას. როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, საერთო ეროვნული ინტერესი ვიწრო პარტიულ სტრატეგიებზე მაღლა დააყენონ. ეს უფრო მნიშვნელოვანია, რადგან სხვაგვარად საჭირო ცვლილებები ვერ განხორციელდება,"- აცხადებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატი ბონ ვან პარერენი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატი ტიტუს კორლატეანი კი აცხადებს, რომ "საქართველო განაგრძობს ხელშესახებ პროგრესს ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დაცვის კუთხით:

​"საქართველო განაგრძობს ხელშესახებ პროგრესს ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დაცვის კუთხით, ამ მხრივ საქართველო განაგრძობს წინა ანგარიშებში აღნიშნულ ტრადიციას. თუმცა ამ ანგარიშში გამოხატული რეკომენდაციების შესრულება დამოკიდებულია ორ მნიშვნელოვან ასპექტზე, პირველი - არ უნდა აღინიშნოს რეგრესი; მეორე - ეს მოითხოვს ორივე მხარის პოლიტიკურ ნებას, როგორც მმართველი ხელისუფლების, ისე ოპოზიციის. ორივე მხარე უნდა მოეკიდოს პატივისცემით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებას და არა მხოლოდ ერთმა რომელიმე მხარემ. ეს მოითხოვს თანამშრომლობას პოლიტიკურ ძალებს შორის და ეს სამწუხაროდ საქართველოსთვის გამოწვევაა. ჩვენ მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ ძალას, დააყენონ ქვეყნისთვის საჭირო სიკეთე, ნებისმიერ ვიწრო პოლიტიკურ სტრატეგიაზე მაღლა, რათა ითანამშრომლონ და პატივი სცენ ქვეყნის მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს,"- აღნიშნავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატი ტიტუს კორლატეანი.

დღის ამბები