22 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
ვერანაირი სიმულიანტობა, თვითდაზიანება თუ მსგავსი, ვერ გახდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ვერც სხვა ქვეყანაში გადაყვანის საფუძველი - ირაკლი კობახიძე  

 

ვერანაირი სიმულიანტობა, თვითდაზიანება თუ მსგავსი, ვერ გახდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ვერც სხვა ქვეყანაში გადაყვანის საფუძველი,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქათული ოცნება-დემოკრატიკული საქართველოს" თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დასკვნები, რომელიც ვიზუალური დათვალიერებით გამოდის, სერიოზულად ვერ იქნება აღქმული.   

"ვხედავთ, რომ ხდება ამ საკითხის ხელოვნურად პოლიტიზების მცდელობა და ამ მცდელობაში, ჩვენ ბუნებრივია, პოლიტიკურ ოპონენტებს ვერ შევყვებით. რა თქმა უნდა, სააკაშვილს თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ რისკის ფასად ჩამოდიოდა საქართველოში. მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ამ ქვეყანაში, მათ შორის იურიდიულ დანაშაულებზე აქვს შეფარდებული სასჯელი და მას უნდა გაეცნობიერებინა, რომ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, ვერ იქნებოდა რისკის გარეშე. ჩამოვიდა, გარისკა და მოხვდა იქ, სადაც მისი ადგილი იყო. ახლა სიმულიანტობს და ამის ხარჯზე ცდილობს, რაღაცნაირად თავი დააღწიოს საპატიმროს. ბუნებრივია, ეს არის აპრიორი გამორიცხული.

აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ვერავითარი სიმულიანტობა, თვითდაზიანება, თუ მსგავსი, ვერ გახდება მისი ვერც გათავისუფლების და ვერც სხვა ქვეყანაში გადაყვანის საფუძველი, ვერც შინაპატიმრობის საფუძველი.

ვიზუალური დათვალიერებით რაღაც დასკვნები რომ გამოდის, ამას ვერ ექნება სერიოზული აღქმა ჩვენი მხრიდან - არავითარი დიაგნოზი არ არსებობს.

რაც შეეხება ანორექსიას, ამის გადამოწმებაც მარტივად შეიძლება. ეს არ არის ფიზიოლიგიური პრობლემა, ეს არის ფსიქიკის თემა. ზოგადად, ის, რომ სააკაშვილს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ეს დიდი ხანია, ვიცით, თუმცა იგივე ადამიანები ამ ფსიქიკური პრობლემებით ორჯერ ირჩევდნენ მას პრეზიდენტად, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იყო. იგივე ადამიანები, რომლებიც ამ ფსიქიკური პრობლემებით ირჩევდნენ სააკაშვილს პრეზიდენტად, დღეს ფსიქიკური პრობლემების გამო ითხოვენ მის გათავისუფლებას, რასაც თავისი საფუძველი არ აქვს. დიდი ხანია, ვიცოდით ფსიქიკის პრობლემები, ეს კაცი ამ ფსიქიკური პრობლემებით პრეზიდენტი დიდი ხანი იყო, ახლა არის პატიმარი. ბუნებრივია, პატიმრად დარჩება. არ ვიცი, თუ ფსიქიკური პრობლემები გართულდება, შეიძლება, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისი გადაყვანა გახდეს საჭირო, მაგრამ აქამდე ამ ფსიქიკური პრობლემებით პრეზიდენტობასაც ახერხებდა და მგონი, პატიმრობასაც მოახერხებს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

 

დღის ამბები