07 მაისი 2024,   13:18
ვრცლად
საბრძოლო მოქმედებების შედეგი - ბოლო ცნობები უკრაინის ცხელი წერტილებიდან

რუსეთი აგრძელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში, რაც მიზნად ისახავს მარაგების განადგურებას - ამის შესახებ წერია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსული სამხედრო ოპერაციები შედარებით შეფერხებულია, თუმცა გრძელდება არასამხედრო სამიზნეების - სკოლების, საავადმყოფოების, საცხოვრებელი კორპუსების და სატრანსპორტო ჰაბების მიზანში ამოღება.

განსაკუთრებით რთულია ვითარება უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. მიზანი, დონეცკისა და ლუგანსკსი ოლქებზე სრული კონტროლის დამყარებაა, რათა ანექსირებულ ყირიმთან სახმელეთო დერეფანი შექმნას.

მარიოპულთან ერთად ოკუპანტები მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ ქალაქ მიკოლაევს, არიან დაჭრილები. უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მიკოლაივის ოლქში 15 ადამიანი დაშავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში კი აცხადებენ, რომ რუსეთის ჯარებმა მიკოლაევისა და ხერსონის ოლქების საზღვარზე რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაკარგეს.

ბოლო საათების განმავლობაში გახშირებულია საჰაერო განგაში უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში. კიევის ოლქში, "ვიშგოროდის" რაიონში ორი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა ჯერ მანქანაში ჩაცხრილეს, შემდეგ კი ტანკით გადაუარეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიცია ავრცელებს.

სამართალდამცველებმა 22 და 23 წლის მამაკაცების ცხედრები სოფელ რუდნია-ტალსკაიაში 4 მაისს აღმოაჩინეს. უკვე ჩატარდა ექსპერტიზა და ცხედრები ნათესავებმა ბუჩას რაიონის სოფელ მირჩაში გადაასვენეს.

გასული 24 საათის განმავლობაში, სარაკეტო თავდასხმები იყო ხარკოვზეც. ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან საბრძოლო მოქმედებებს შეეწირა უკრაინელი ჟურნალისტი ოლექსანდრ მახოვი.

არტილერიიდან და ნაღმმტყორცნებიდან იზიუმის დაბომბვა ისევ გრძელდება, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაციები დაიწყეს.

რუსულმა არმიამ საჰაერო იერიში მიიტანა ქალაქ კრამატორსკზეც. რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, რა დროსაც დაიჭრა 25 ადამიანი. დაბომბვის შედეგად დაზიანდა 9 საცხოვრებელი სახლი, სკოლა და საბავშვო ბაღი. დაიბომბა ლუგანსკის ოლქიც. იერიშს 5 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

 

ავტორი: სანდრო კაჭახიძე 

 

 

 

დღის ამბები