ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვის თავისუფლებით აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. მოსამართლის განცხადებითვე, მას სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე, სხდომათა დარბაზში დააკავებენ.
რაც შეეხება იმავე საქმეზე ბრალდებულებს ზურაბ იაშვილსა და კახა დამენიას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზურაბ იაშვილი - გამართლდა, გაუქმდა გირაო და ქონებაზე დადებული ყადაღა. მოსამართლემ განმარტა, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
კახა დამენია კი, ცნობილ იქნა დამნაშავედ 220-ე მუხლით და დაეკისრა ჯარიმა 50 ათასი ლარი
გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, "რუსთავი 2"-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე "რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და "ინტერ მედია პლიუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.
ნიკა გვარამიას ბრალი ედებოდა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე.
კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.