24 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
მარიუპოლის დანგრეული ციხესიმაგრე - "ორესტმა" "აზოვსტალის" ბოლო დღის ამსახველი კადრები გაავრცელა

"აზოვის" პოლკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დმიტრი კაზაცკიმ ("ორესტი"), რომელიც მარიუპოლის ბლოკადის დაწყებიდან აზოვსტალში იმყოფებოდა, ქარხნის დატოვებამდე ალყაში მოქცეული "აზოვსტალის" ციხესიმაგრის ბოლო დღის ამსახველი კადრები კინოდოკუმენტალისტებს გაუგზავნა.

გუშინ კი მან ინტერნეტში ატვირთა მის მიერ "აზოვსტალში" გადაღებული ფოტოები და მიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც ითხოვს, რომ მისი ფოტოები საერთაშორისო კონკურსებზე გააგზავნონ.

გავრცელებული ინფორმაციით, "აზოვსტალი" ამ დროისთვის ყველა მშვიდონიანმა მოქალაქემ და სამხედრომ დატოვა. კიევი მიმდინარე პროცესს სამხედროების გადარჩენის ოპერაციას უწოდებს, ოფიციალური მოსკოვი კი უკრაინელი მებრძოლების ტყვედ ჩაბარებას და ირწმუნებიან, რომ პოლკ "აზოვის" მეთაურობაც ტყვედ ჩაბარდა. ამ ეტაპზე დმიტრი კაზაცკის, ისევე როგორც "აზოვის" მეთაურების ადგილსამყოფელზე კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელებულა.

"აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია მაისის დასაწყისში დაიწყო. 16 მაისს კი ქარხნიდან უკვე დაჭრილი სამხედროებიც იქნენ ევაკუირებული. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უმაღლესმა ხელმძღვანელობამ სამხედროებს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა უბრძანა. "აზოვის" მეთაურმა დენის პროკოპენკომ ("რედის") განაცხადა, რომ "მარიუპოლის მთელი გარნიზონისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ასრულებს უმაღლესი სამხედრო სარდლობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს".

უკრაინელი სამხედროები გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელსაც ოფიციალური კიევი ვერ აკონტროლებს, თუმცა უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ლიდერების მონაწილეობა რუსეთს იძულებულს გახდის შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და უკრაინელი ჯარისკაცები უკრაინას გადასცეს.

ამის პარალელურად მაისის ბოლოს, რუსეთის უზენაესი სასამართლო უკრაინის "აზოვის" პოლკის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისა და რუსეთში მისი საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით, რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებას განიხილავს.

ამასთან, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები, მარიუპოლის დამცველი "აზოვის" პოლკის მებრძოლების გაცვლის აკრძალვას მოითხოვენ. მათი თქმით, "აზოველები" სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.

რამდენიმე დეპუტატი კი გამონაკლისი შემთხვევის სახით, სიკვდილის დასჯასთან დაკავშირებით მოქმედი მორატორიუმის გაუქმებას და უკრაინელი სამხედროების სიკვდილით დასჯასაც კი  ითხოვს.

მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელი სამხედროები ქალაქს ომის დაწყების დღიდან იცავდნენ, თუმცა ძლიერი ბლოკადისა და გარე დახმარების სრული შეწყვეტის პირობებში, მათი მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა.

დღის ამბები