15 ნოემბერი 2024,   16:03
ვრცლად
ბრალდებები, პროგნოზები და მოლოდინები - ქართული პოლიტიკური სპექტრი ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინშია

ბრიუსელში პროგნოზებს ისევ არავინ აკეთებს. სამი ქვეყანა: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროპის ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია. სახელდება ორი თარიღი - 7, ან 15 ივნისი, როდესაც ევროკომისიამ დასკვნა უნდა გამოაქვეყნოს.

როგრც წესი, სრული უარი არ არის ევროკავშირის სტილი. მითუმეტეს, ახლა, როდესაც რეგიონი რუსეთის ღია აგრესიის წინაშე დგას. არ არის გამორიცხული, რომ ქვეყნები ახალ სტატუსზე ბრიუსელმა გარკვეული დათქმებით და პირობებით გადაიყვანოს, სამომავლოდ კი, ახალი საშინაო დავალება მისცეს.

ასეთი რამ ევროკავშირს უკვე გაკეთებული აქვს მონტენეგროსთვის, როდესაც ქვეყანას 7 პრიორიტეტი დაუდგინეს. უფრო რთულად ჰქონდა საქმე ბოსნია და ჰერცეგოვინას, რომელსაც 33 სფეროდან - 31 საშუალო დონით შეუფასეს და 14 ახალი საშინაო დავალება მისცეს. თუმცა, ახლა ვითარება მსოფლიოში რადიკალურად შეცვლილია და ომის ფონზე სამივე ქვეყანას ევროკავშირიდან მყარი მხარდაჭერის დემონსტრირება სჭირდება.

ევროკავშირის მხრიდან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინზე პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს, რომ ევროპული ოჯახის წევრობის კანდიდატი გახდეს, თუმცა მთავრობის მეთაური საუბრობს პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც მისი თქმით, ხელოვნურად ცდილობენ ისტორიულ პროცესს ხელი შეუშალონ. პრემიერმა ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და წარსულიც გაიხსენა.

პოლიტიკურ პარტიებს უკვე ნაცად პრაქტიკაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ მმართველი გუნდის ლიდერებიც. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ოპოზიციას ურჩევს შეცვალონ გეგმა, რომელიც პირველ რიგში დარტყმას ქვეყნის ინტერესებს აყენებს.

სახელისუფლებო გუნდის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ბრალდების ადრესატებისთვის პოლიტიკური სვლის ნაწილია. ამბობენ, რომ მმართველი პარტია ცდილობს ევროინტეგრაციის გზაზე დაშვებული შეცდომები ოპოზიციას გადააბრალოს. პარტიები იმ ნაბიჯებზე საუბრობენ, რომელიც, მათი თქმით, სტატუსის მიღების მხარდასაჭერად გადაიდგა.

ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომ ისინი საქართველოს ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ - "ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის", იგივე "ალდეს" მიერ მხადაჭერილი რეზოლუციაა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დუბლინში მიიღეს.

რასაც ოპოზიცია საკუთარ წარმატებას უწოდებს - ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მმართველი პარტიის მუშაობის შედეგია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებზე უარის თქმისკენ ოპოზიციას სწორედ სახელისუფლებო გუნდი მოუწოდებდა.

რა გადაყწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი - მიიღებენ თუ არა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა წევრობაზე კანდიდატის სტატუსს, ეს რამდენიმე კვირაში, ივნისის ბოლოსთვის გარკვევა.

დღის ამბები