"ჩვენ წლების განმავლობაში თვალს ვადევნებთ ჩვენი რადიკალების მხრიდან პოლიტიკოსობანას თამაშს. საკითხები, რომელიც მათ დასვეს აბსოლუტურად არის გასული სამართლებრივი სივრციდან," - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
"მამუკა ხაზარაძის განცხადება იქნება, ბადრი ჯაფარიძის, ნიკა მელიასი თუ ნიკა გვარამიასი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას გააკეთებენ ეს ადამიანები და როგორ პერფორმანსს დადგამენ, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 2020 წლის მოწვევის პარლამენტში მათ როგორი პერფორმანსები დადგეს, მათ შორის, საკუთარ ტელევიზიებში," - განაცხადა მაია ბითაძემ.
ცნობისთვის, "ძლიერი საქართველო" მანდატების დატოვებას და სიების ჩახსნას აანონსებს და ოპოზიციას ამ პროცედურას ერთობლივად, ერთსა იმავე დროს პრეზიდენტთან ერთად სთავაზობს, თუმცა ხაზარაძის გუნდი არ უერთდება იმ ორი კოლეგა კოალიციის გადაწყვეტილებას, რომელმაც რეგისტრაციის გაუქმებაზე განცხადებას ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა და სადაც უკვე რამდენიმე დღეა ამტკიცებენ, რომ მანდატებზე უარის თქმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდეც შეიძლება. გავრცელებულ განცხადებაში ხაზარაძემ განმარტა როგორც "საარჩევნო კოდექსის" 120-ე, ასევე კონსტიტუციის 39-ე მუხლი და განაცხადა, რომ მანდატების გაუქმება მხოლოდ პირველი სხდომის, ანუ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ არის შესაძლებელი. მისივე თქმით, კოალიციის პოლიტსაბჭომ სადეპუტატო მანდატების ოფიციალურად დატოვების გადაწყვეტილება უკვე დაამტკიცა.