15 ნოემბერი 2024,   16:11
ვრცლად
"გამოარჩიეს რამდენიმე ყველაზე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ, დაანგრიონ ჩვენი ქვეყნის და ხალხის იდენტობა" - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა. პირველი იყო ირაკლი კობახიძე, რომელმაც ლევან ბერძენიშვილი ერეკლე მეორესთან დაკავშირებული შეფასების გამო გააკრიტიკა. უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ეს არის ქართველების დაკნინების მცდელობა და მსგავსი განცხადებები ისტორიის შეურაცხყოფის ტოლფასია.

კობახიძის განცხადებას დარბაზში ოპოზიციის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა, ხათუნა სამნიძემ და გიორგი ვაშაძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულეს.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა კი უპასუხეს, რომ "ქართული ოცნება" ძალადობას არასოდეს ახალისებს. 

"გამოარჩიეს რამდენიმე ქართველი, ყველაზე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ, რომ დაანგრიონ ჩვენი ქვეყნის და ხალხის იდენტობა. ეს არის მცდელობა, რომელიც არის სახეზე. ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს უწუნებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან აღმაშენებელს უწუნებენ შვილების და შვილიშვილების აღზრდას. აქ ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ერთგვარი ყინულმჭრელის როლს, ესენი არიან პირველ რიგში ძმები ბერძენიშვილები, რომლებსაც აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხის და ამ ქვეყნის მიმართ.

ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანოთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო. ისინი ებრძვიან ჩვენი ქვეყნის და ერის ფესვებს და "ნაცმოძრაობა" ყველამ ვიცით, რომ არის კოლექტიური დოქსოპულო, კოლექტიური გიგლა ბერბიჭაშვილი. ეს ადამიანები, ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები, რომლებიც დღეს ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები, ბოლშევიკები 100 წლის წინ უროთი ანგრევდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები