პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომელმაც ლევან ბერძენიშვილი ერეკლე მეორესთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასების გამო გააკრიტიკა.
უმრავლესობის ლიდერის თქმით, ეს არის ქართველების დაკნინების მცდელობა და მსგავსი განცხადებები ისტორიის შეურაცხყოფის ტოლფასია.
კობახიძის განცხადებას დარბაზში ოპოზიციის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა, ხათუნა სამნიძემ და გიორგი ვაშაძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულეს.
როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, იდენტობას და ამ ქვეყნის მომავალს ებრძვის მმართველი გუნდი, როდესაც ცდილობს საზოგადოება კიდევ უფრო დააპირისპიროს ერთმანეთს.
"ფრთხილად, ბატონო ირაკლი. კომუნისტებიდან მოყოლებული მესმის ეს ტექსტები ბერძნიშვილებთან დაკავშირებით. ისევ მოვისმინეთ ძალადობის წახალისება, ისევ მოვისმინეთ თურმე იდენტობას ებრძვის თურმე ვინმე. იდენტობას და ამ ქვეყნის მომავალს ებრძვით თქვენ. ცდილობთ, ეს საზოგადობა კიდევ უფრო დააპირისპიროთ ერთმანეთს, არაფრის გამო, ფსევდოპატრიოტიზმის გამო, ძალადობა რომ არის თქვენი მთავარი დნმ თქვენს პარტიაში, აი ამის გამო," - ამბობს ხათუნა სამნიძე.
ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე.
"ეს არის ბინძური ფსევდოპატრიოტიზმი, ეს არ არის საქართველოს იდენტობა, ეს არ არის საქართველოს ეროვნული ინტერესები. საქართველოს ეროვნული ინტერესები და საქართველოს იდენტობა არის ევროპა. თქვენ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ევროპამ გვითხრას უარი, მაგრამ ეს თქვენ არ გამოგივათ, იცოდეთ და არ აგყვებით ამ ბინძურ ფსევდო კამპანიაში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძე.