ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, ევროპულ პარლამენტში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდამჭერი განცხადება შემუშავდა. ინიციატორები ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები არიან, რომლებიც ევროკავშირს, ასოცირებული ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებენ. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, განცხადებას ჯერ პროექტის სახე აქვს, თუმცა მისი მთავარი გზავნილი, რომ დაკმაყოფილდეს ასოცირებული ტრიოს განაცხადები, გამოქვეყნებამდე არ შეიცვლება.
ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების პოზიციას რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია, ამ საკითხზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში თანხმდებიან, თუმცა ვერ თანხმდებიან იმაზე, თავად ვის რა როლი აქვს ამ პროცესში. ოპოზიციის ნაწილი ევროდეპუტატების მხარდამჭერ გზავნილს საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს, ამ შეხედულებას პარტიებში სრულად არ იზიარებენ.
მმართველი პარტიის ლიდერების შეფასებით, ევროპარლამენტართა ერთობლივ მხარდაჭერას ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ რეფორმები და ქართველი ხალხის სურვილი განაპირობებს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მსგავს ოფიციალურ გზავნილებში საქართველოსთან დაკავშირებული გარემოებები ბევრად ობიექტურად ფასდება, ვიდრე კონკრეტული ევროდეპუტატების წერილებში.
კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში პოლიტიკური ჩართულობა, ურთიერთბრალდებების მთავარი თემა იყო სასესიო დარბაზშიც. განცხადებები გაკეთდა სხდომის მიმდინარეობის დროსაც.
ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების განცხადების პარალელურად, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, სპეციალური წერილით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. შალვა პაპუაშვილმა რობერტა მეცოლას საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებზე მოსაზრებები გაუზიარა და აღნიშნა, რომ ურყევი და ერთსულოვანი მხარდაჭერა და ევროპული ლიდერებისადმი ჩვენი მხარდასაჭერი მოწოდებები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ოფიციალურ წერილში პაპუაშვილი ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებზეც წერს, რომელიც მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.
როგორი იქნება პასუხი, თანხმობა, დათქმებით თუ მის გარეშე, ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებამდე, სულ ცოტა დრო რჩება, უფრო ცოტა კი ევროკომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნებამდე, რომლის საფუძველზეც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპულმა საბჭომ უნდა იმსჯელოს.