15 ნოემბერი 2024,   16:05
ვრცლად
ეროვნულ იდენტობასთან ბრძოლა თუ ვიწრო პარტიული ინტერესი - ხმაური და სიტყვიერი შელაპარაკება  პარლამენტის სხდომათა დარბაზში

საქართველოს პარლამენტში, დღეს მთავარი ფიგურა ერეკლე მეორე იყო.
მმართველი პარტია ოპოზიციას, ქართულ იდენტობასთან ბრძოლაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ახალი ბრალდებები ისმის ოპოზიციის მხრიდან.

პარლამენტის სხდომაზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გამოსხვლას, ხმაური და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. პოლიტიკური განცხადებების დროს, პირველმა, სიტყვით ირაკლი კობახიძემ ისარგებლა. მმართველი პარტიის ლიდერმა ოპოზიცია ეროვნულ იდენტობასთან ბრძოლაში დაადანაშაულა.

ირაკლი კობახიძის გამოსვლა დარბაზშივე გააპროტესტეს პარლამენტის ერთადერთმა "რესპუბლიკელმა" წევრმა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა. ხელისუფლების ოპონენტებმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გამოსვლას, ძალადობის წახალისება და მთავარი თემიდან აქცენტის გადატანის მცდელობა უწოდეს.

ძალადობის წახალისებაზე გაკეთებულ განცხადებებს, მმართველი პარტიის ლიდერები უსაფუძვლოს უწოდებენ. ამბობენ, რომ ევროპულ ოჯახში გაწევრება არა მხოლოდ ახლანდელი, არამედ საქართველოს ისტორიული სურვილი იყო.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაკეთებულ განცხადებებს, პარლამენტის დერეფანში გამოეხმაურა ბრალდების ერთ - ერთი ადრესატი. დავით ბერძენიშვილი საკანონმდებლო ორგანოში საგანგებოდ მივიდა და მისი და მისი ძმის მისამართით გაკეთებული შეფასებების მიღმა, პოლიტიკურ ინტერესზე მიანიშნა.

დავით ბერძენიშვილის და სხვა ოპოზიციონერების განცხადებებს "ქართულ ოცნებაში" ვიწრო პარტიულ ინტერესებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ოპონენტების გეგმას, განხორციელების პერსპექტივა ვერ ექნება.

სხდომათა დარბაზში, პოლიტიკური განცხადებები თითქმის 2 საათის განმავლობაში კეთდებოდა. სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ, სესია დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.


დღის ამბები