მოქმედი კონსტიტუციით, მმართველობის სისტემაში, აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი უმაღლესი ორგანო საქართველოს მთავრობაა, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს. კონსტიტუცია ასევე ადგენს, პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილებას. ქვეყნის მთავარი კანონი, პრეზიდენტს არ ანიჭებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებას.
საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური, ექსკლუზიური პრეროგატივაა, თუ კონკრეტულ ვითარებაში, რომელ სახელმწიფოშია მიზანშეწონილი ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის მუშაობა.
საქართველოს მთავრობა თვლის, რომ პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და განთავისუფლების წარდგინების უარყოფა, არ წარმოადგენს მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას. აქედან გამომდინარე, მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი შემთხვევა უკვე რამდენჯერმე მოხდა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, პრეზიდენტმა გაურკვეველი მიზეზებით უარი თქვა რამდენიმე ელჩის დანიშვნაზე. მმართველი პარტიის ხელმძღვანელის განცხადებით, ახლა, უკვე საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს თუ ვისი უფლებაა ელჩების დანიშვნა, მთავრობის თუ პრეზიდენტის.
სასამართლოში სარჩელის შეტანა იმ დროს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით საზღვარგარეთ იმყოფება, მიზანშეუწონლად მიაჩნიათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. საპარლამენტო მდივანი სამართლებრივი დეტალების შეფასებისგან თავს იკავებს, მაგრამ ამბობს, რომ ზურაბიშვილმა ყველა კანდიდატურის დანიშვნაზე თანხმობა განაცხადა.
სარჩელის შეტანის დროსა და კონტექსტზე აკეთებენ აქცენტს ოპოზიციის წარმომადგენლებიც და მათი განცხადებით, ამის მიზანი, პრეზიდენტის ჩარჩოებში მოქცევაა.