ევროკავშირის პერსპექტივასა და ევროპარლამენტში გამართული დებატების შესახებ საკრებულოს სხდომაზე იკამათეს. რიგგარეშე სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ისმოდა ურთიერთბრალდებებიც.
ოპოზიცია მმართველი გუნდის მისამართით აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპულ გზაზე "ქართული ოცნების" წვერები ბევრ დაბრკოლებას ქმნიან, რაც ევროდეპუტატების განცხადებებში ჩანს.
"ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ასეთმა დამოკიდებულებმა მედიისა და ოპონენტების მიმართ, დღეს დაგვაყენა იმ კითხვის ნიშის ქვეშ, რაც წესით უნდა გწყინდეთ, წესით თქვენთვისაც უნდა იყოს პრობლემა. დარწმუნებული ვარ, თქვენგან ძალიან ბევრი ადამიანი სწორად გაანალიზებს ჩვენი ქვეყნის მომავალს, სწორად გაანალიზებს, რომ ეს არ ეხება რაღაც კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს და დადგება სწორ მხარეს,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ონიანი.
მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით კი, ოპოზიცია ქვეყნისთვის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს და ეს დღევანდელ გამოსვლებშიც ჩანდა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" დაელოდება ევროკომისიის დასკვნას და ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში "ქართული ოცნება" 24 საათიან რეჟიმში გააგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას.
"რეზოლუცია, რომელმაც შეიძლება საქართველოს ევროკავშირის გზაზე ხელი შეუშალოს, თუმცა ეს თქვენი დამსახურებაა და მადლობა იმისთვის, რომ ასე გძულთ საკუთარი ქვეყანა, ასე გძულთ საკუთარი სახელმწიფო და აგრძელებთ ამ ბრძოლას,"-აცხადებს ლადო ბოჟაძე.
"მადლიერნი უნდა ვიყოთ ევროპის იმ რეზოლუციის გამო, რომელიც მან მიიღო. ქართველმა ერმა ნამდვილად იცის ამ რეზოლუციის ფასი და იბრძოლებს იმისთვის, რომ იყოს ევროპული ოჯახის წევრი,"-აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნინო კვიტაიშვილი.