ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ შეხვედრების შესახებ, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ჰქონდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა მათგანთან აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა და საუბრები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, შეხვედრები გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
"მე მინდა შევახსენო ყველას, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დაიწყო ეს პროცესი, ომის დაწყების პირველივე დღიდან, შემდეგ 3 მარტს, იცით, რომ ხელი მოვაწერე განაცხადს, რომელიც წარვადგინეთ ბრიუსელში, მე არაერთი შეხვედრა, რამდენიმე საუბარი, მათ შორის სატელეფონო და პირადი შეხვედრები მქონდა ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის იმ ქვეყნების ლიდერებთან, რომლებსაც განსაკუთრებული სკეპტიციზმი აქვთ ზოგადად ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. ამას გარდა, მე პირადად ჩასული ვიყავი ბრიუსელში, ვესაუბრე ყველა ხელმძღვანელ პირს, მივიღე მონაწილეობა არაერთი შეხვედრის სხვადასხვა ფორმატში და რა თქმა უნდა, მე საჯაროდ, მათ შორის დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მქონდა საუბარი, სადაც ვისაუბრე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ასევე, ვიმყოფებოდი ბრატისლავაში, სადაც ასევე ღიად ვისაუბრე ამ პერსპექტივაზე, რომელიც უკავშირდება ამ განაცხადის შეტანას. საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა 20 შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებთან. ჩვენ პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დავფარეთ, ყველასთან გვქონდა აქტიური მუშაობა. მთელი საგარეო გუნდი, ჩვენი ელჩები, დიპლომატიური კორპუსი იყო ჩართული ამ პროცესში.
საგარეო პოლიტიკას, ასევე საშინაო პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა, ეს არის ჩვენი კონსტიტუციით დადგენილი და რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ვცეთ პატივი ამ წესებს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.