15 ნოემბერი 2024,   16:03
ვრცლად
კამათი ბიუროს სხდომაზე - პარლამენტმა არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებულ პროექტზე მსჯელობა ორი თვით გადადო

პარლამენტმა არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებულ პროექტზე მსჯელობა ორი თვით გადადო - ეს გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიმართვის საფუძველზე მიიღო.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. მისი განცხადებით, იმის მაგივრად, რომ ეს საკითხი საქართველოს პარლამენტში ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს, ბიურო კენჭს უყრის საკითხების განხილვის გადადებას.

"რა გვიშლის ხელს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით განვიხილოთ? რატომ არ არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს პარლამენტში?! რატომ არ ვგრძნობთ იმ ისტორიულ მომენტუმს, რომელიც გაიხსნა ძალიან მძიმე მოვლენების შედეგად და რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს?! და ამ დროს ბიურო კენჭს უყრის იმას, რომ გადაიდოს კიდევ ამ საკითხების განხილვა," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი არის სწორედ ის ხელისუფლება, რომელმაც კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაწერა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ნომერ პირველი ამოსავალი წერტილი გახლავთ დავალდებულება ჩვენი ხელისუფლების შტოებისთვის და ორგანოებისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების ინტეგრაციაში იყოს წარმატებული.

"ტოლობის ნიშნის დაყენება პოლიტიკურად აბსოლუტურად არასწორია, რადგანაც კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვართ ზუსტად ის ხელისუფლება და ეს ის ორი მოწვევა პარლამენტია, რომელმაც კონსტიტუციაში პირდაპირ ჩავწერეთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ნომერ პირველი ამოსავალი წერტილი გახლავთ დავალდებულება ჩვენი ხელისუფლების შტოებისთვის და ორგანოებისთვის, რომ ყველაფერი გააკეთონ, რადგანაც საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების ინტეგრაციაში იყოს წარმატებული. ასე რომ, ერთი, რომ აქ ტოლობის დატანება არ არის სწორი და მეორე, ნებისმიერი საკითხი, რომლის გადავადებაც დგას დღეს დღის წესრიგში, ეს არის იმ არსებული აუცილებლობიდან გამომდინარე, რომლის შიგნითაც თუ კი მხარეთა ნება, კომიტეტის შიგნით იქნება ეს თუ პარლამენტის, იქნება ცალსახა და აშკარა, ნებისმიერ საკითხზე ამ ვადის შიგნითაც შესაძლებელია საუბარი," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები