მმართველი პარტიისა დ პრეზიდენტის პოლემიკა - სტატუსის მოლოდინში ხელისუფლების ორ შტოს ერთმანეთის არ ესმის. "ქართული ოცნება", რომლის მხარდაჭერითაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, ამჯერად მას ბრიუსელში გაკეთებული განცხადებებისთვის აკრიტიკებს.
დაპირისპირება პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის ოპოზიციისთვის მოსალოდნელი აღმოჩნდა.
ოპონენტები ახლა ორივე მხარეს მოუწოდებენ, პოლიტიკური ენერგია არა დავას, არამედ ქვეყნის ევროპული კურსის მხარდაჭერას მოახმარონ, თუმცა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ ამის საშუალებას მას სახელისუფლებო გუნდი არ აძლევს.
სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში კონსტიტუციის 78-ე მუხლზეც გააკეთა აქცენტი და თბილისში დაბრუნების წინ მისი გააქტიურების მოლოდინი შექმნა.
მმართველ პარტიას მისივე მხარდაჭერილი პრეზიდენტის განცხადებაში ბალანსი დააკლდა, კონტექსტსაც უწუნებენ და ამბობენ, რომ ევროპულ მომავალზე საუბრის დროს, ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან ერთად ტოლობის ნიშანი "ქართული ოცნების" დამფუძნებელთან არ უნდა დასვას.
საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, დღევანდელი დღე იმ გამონკლისებს შორისაა, როდესაც პრეზიდენტის პოზიციას "ოცნება" გაემიჯნა, ხოლო ოპოზიციაში მხარდაჭერა მოიპოვა. პარტიების ნაწილი ევროინტეგრაციის ხელის შემშლელად სწორედ შიდა დაპირისპირებას ასახელებს, ნაწილი კი პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბრობს.
"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან სალომე ზურაბიშვილის პოზიციის მხარდაჭერა მმართველ პარტიაში უკვირთ. "ქართულ ოცნებაში" საპრეზიდენტო არჩევნებს იხსენებენ. ამბობენ, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურას არც "ოცნებაში" ჰყავდა ბევრი მომხრე, თუმცა მაშინ მასზე არჩევანი სწორედ მისი ევროპული გამოცდილების გამო შეაჩერეს.
მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც ახლა პრეზიდენტის პასუხს ელოდება. თუმცა ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი მედიასთან არ გამოჩენილა.