სტატუსის მინიჭებაზე რომელიმე ქვეყნის გამორჩევა, არასწორი პოლიტიკური გზავნილი იქნებოდა, მიდგომა უნდა იყოს ერთიანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აწონ - დაწონვა, მით უმეტეს ახლა, როცა დაჩქარებულ რეჟიმში ხდება გადაწყვეტილების მიღება, არ იქნებოდა სწორი და სამართლიანი მიდგომა ევროკავშირის მხრიდან.
"ბოლო პერიოდში, სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით გვესმის, ვხედავთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არის პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღება სამივე ქვეყნის მიმართ. ვხედავთ, რომ რთულია რაიმე პროგნოზების გაკეთება, ექსპერტებსაც უჭირთ. ერთადერთი, საუბრებიდან გამომდინარე, რაც ამ დღეებშიც იყო და მანამდეც, ბრიუსელში ჩემი ვიზიტის დროს, ვფიქრობ, განწყობა იმის მიმართ, რომ ახლა გამორჩევა რომელიმე ქვეყნის იქნებოდა არასწორი პოლიტიკური გზავნილი. თუ მიდგომა იქნება, მიდგომა უნდა იყოს ერთიანი, რადგან აქ აწონ-დაწონვა, მით უმეტეს, ახლა, როცა დაჩქარებულ რეჟიმში ხდება გადაწყვეტილების მიღება, არ იქნებოდა სწორი და სამართლიანი მიდგომა ევროკავშირის მხრიდან.
როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობთ, სამივე ქვეყანას ესაჭიროება პოლიტიკური სოლიდარობის გამოცხადება და სამივე ქვეყანა ელოდება, რომ მასთან მიმართებით რუსეთის მიმართ იქნება ეს პოლიტიკური გზავნილები. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა გადაწყვეტილებას სწორედ იმ ღირებულებებით მიიღებს, რაც გულისხმობს სოლიდარობას, თანადგომას და ამავე დროს რუსეთის მიმართ თამამ გზავნილს", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.