საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სრული იმედი აქვთ, რომ დანიის სახელმწიფოს მხრიდან იქნება მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფების კუთხით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის თვალსაზრისით.
"პარლამენტებს შორის ურთიერთობის გარდა, ჩვენთვის მთავარი თემაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ მხრივ, ჩვენ გვაქვს სრული იმედი, რომ დანიის სახელმწიფოს მხრიდან იქნება მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფების კუთხით და კანდიდატის სტატუსის თვალსაზრისით.
ჩვენს კოლეგებთან აბსოლუტური თანხმობა გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს არის ჭეშმარიტების მომენტი თავად ევროკავშირისთვისაც, რათა ევროკავშირმა გაგზავნოს სწორი სიგნალი მოლდოველი, უკრაინელი და ქართველი ხალხის მიმართ, ასევე, სწორი სიგნალი გააგზავნოს რუსეთის მიმართ. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია თავად ევროკავშირისთვის.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოსა და ქართული საზოგადოებისთვის, როცა ველოდებით კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. ეს მნიშვნელოვანია თავად რეგიონისთვის, რადგან ახლა არის მომენტი, როცა დგება საკითხი, რომ ევროკავშირმა უნდა თქვას, რამდენად აქვს მას გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური. მათ შორის თანხმობა გვაქვს იმაზე, რომ ასოცირებული ტრიოს მიმართ უნდა იყოს თანაბარი მიდგომა და არ უნდა დავუშვათ ამ ტრიოს დაშლა.
მნიშვნელოვანია, სამივე ქვეყანამ და სამივე ხალხებმა მიიღონ ის სოლიდარობის ნიშანი, რომელსაც სამივე ქვეყნის მოსახლეობა ელოდება. ასევე, მიიღონ აღიარების და მხარდაჭერის ის სიგნალი, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება.