15 ნოემბერი 2024,   16:00
ვრცლად
სადაც ახალ წელს ორჯერ ვზეიმობთ, არაფერი დაშავდება, თუ ევროინტეგრაციისადმი​ ​ერთგულებასაც ორჯერ აღვნიშნავთ - "სირცხვილია" პრეზიდენტს პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებას, რომ 20 ივნისს დაგეგმილი აქცია გადადონ და ევროინტეგრაციისადმი ერთგულება 16 ივნისს პრეზიდენტის დაანონსებულ აქციაზე დაამტკიცონ, მოძრაობა სირცხვილიაში პასუხობენ.

მოძრაობა "სირცხვილიაში" აცხადებენ, რომ ისინი იღებენ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და პრეზიდენტს თავის მხრივ სთავაზობენ 20 ივნისის აქციაზე დასწრებას:

"ერთ კვირაზე მეტია, სამოქალაქო საზოგადოება ემზადება 20 ივნისის შეკრებისთვის, რომლის მიზანიცაა გააერთიანოს ქართველი ხალხი მიუხედავად მათი პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სხვა განსხვავებებისა. ისტორიული გადაწყვეტილების წინ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ევროპელ პარტნიორებს უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია ერთ-ერთი ისეთი იშვიათი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში პოლარიზაცია არ არსებობს.

წინააღმდეგობრივია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ევროინტეგრაციისთვის კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, ამავდროულად ალტერნატიულ აქციას ნიშნავს და 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებას სთავაზობს. არა და არასოდეს!

ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და ვთავაზობთ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება.

ქვეყანაში, სადაც ახალ წელს ორჯერ ვზეიმობთ, არაფერი დაშავდება, თუ ევროინტეგრაციისადმი ერთგულებასაც ორჯერ აღვნიშნავთ,"- აცხადებს მოძრაობა "სირცხვილიაში".

დღის ამბები