ვინ როგორ აპირებს ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესრულებას და ვის რა როლი ექნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
ოპოზიცია ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ოპონენტების ნაწილი საუბრობს შარლ მიშელის შეთანხმებაში სამთავრობო გუნდის დაბრუნებაზეც. ერთადერთი, რაზეც ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, ეს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებაა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ფიქრობენ, რომ მთავარი ვალდებულება მმართველ გუნდს აქვს.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გზამკვლევი, რომელიც ბრიუსელმა თბილისს გადასცა, ეტაპობრივად უკვე სრულდება და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი.
საქართველო ევროკომისიის შეფასებას დაახლოებით 3 თვე ელოდა. ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან გუშინ, კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს უთხრა, რომ მის ევროპულ პერსპექტივებს ევროპა ოფიციალურად აღიარებს, თუმცა, კანდიდატის სტატუსისთვის საჭიროა გაცემული რეკომენდაციების შესრულება.
ეს ჯერ ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, თუმცა, ევროპული საბჭო საკუთარ ბოლო პოზიციას, სწორედ ევროკომისიის რეკომენდაციაზე დაყრდნობით, 23-24 ივნისს გამოაცხადებს.