"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკომისიამ საქართველოს მიანიჭა ევროპერსპექტივა, რაც უდავოდ გასახარი ამბავია. მდინარაძის თქმით, მისთვის წარმოუდგენელია, რატომ არ უხარიათ ეს ამბავი იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე პროდასავლელებად მოაქვთ თავი.
ამასთან, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას, შეიძლება, უსამართლო გადაწყვეტილება დაერქვას.
"გადაწყვეტილება ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველი ნაწილი ძალიან კარგია, პირველად ევროკომისიამ ახსენა ეს ფრაზა და მოგვანიჭა ევროპერსპექტივა, რაც უდავოდ გასახარი ამბავია და ჩემთვის წარმოუდგენელია, რატომ არ უხარიათ იმ ადამიანებს, ვისაც თავი მოაქვთ ყველაზე პროდასავლელებად. მეორე მხრივ, ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძალიან კარგია, მათთვის ეს იყო სტიმული, პირველ რიგში უკრაინისთვის. იქ ომი და რუსეთის ღია აგრესია მიდის და ელემენტარული მორალური მხარდაჭერა მაინც სჭირდებოდა ამ ხალხს. ასევეა მოლდოვის შემთხვევაშიც, რომელსაც უკრაინის შემდეგ ყველაზე მძიმედ დაატყდა ომის შედეგები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნახევარ მილიონ ლტოლვილს იფარებს ორმილიონნახევრიანი ქვეყანა. ეს რომ არ მოხდა საქართველოს შემთხვევაში, თუ ობიექტურ კრიტერიუმებს ავიღებთ, მაშინ შეგვიძლია, დავარქვათ უსამართლო გადაწყვეტილება. მაგრამ, ამავე დროს, ევროპელმა ლიდერებმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერმაც პირდაპირ გვითხრა – რომ არ იყოს ომი უკრაინაში, ალბათ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა და მეორე, მან პირდაპირ ახსენა გეოგრაფია. გეოგრაფია არის ის საკითხი, რომელიც ბევრჯერ გამხდარა ჩვენი მეგობრების მხრიდან მინიშნების საფუძველი და მათ შორის მოლაპარაკებების დაწყების დაგვიანების საფუძველი. ყველაზე კარგი ამაში ისაა, რომ უახლოეს წარსულშიც გვახსოვს, მოლაპარაკებები დაწყებულა გვიან და სხვაზე ადრე მიგვიღია შედეგი. ამიტომ ეს იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ გეოგრაფია არ იქნება განმსაზღვრელი ფაქტორი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.