რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად - პოლიტიკოსები, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობენ.
"ხელისუფლებას პირველ რიგში უნდა გაეკეთებინა მკვეთრი განცხადება, რომ ყველაფერი იქნება შესრულებული - ხვალვე უნდა ყოფილიყო მიღებული კონსტიტუცია მეორე მოსმენით, რომელიც იქნებოდა ფაქტობრივად იმის აღიარება, რომ დაუბრუნდა შარლ მიშელის შეთანხმებას საქართველოს ხელისუფლება. რატომ არ ღებულობენ კონსტიტუციას, რატომ გადააგდეს სადღაც სკივრში, რატომ ვაჭრობენ, რატომ იყენებენ ყველაფერს სათავისოდ და ვირეშმაკულად. მესამე მოსმენით მირებულია საერთო სახალხო განხილვა და კონსტიტუცია სადღაც გადადეს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძე.
ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს, ხელისუფლებასთან საკუთარი შეთავაზებები აქვთ. ისინი ამბობენ, რომ ეს შანსი ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას. ზოგი მათგანი კი მიიჩნევს, რომ პრემიერმა საკუთარ მოქალაქეებს ბოდიში უნდა მოუხადოს.
"პრემიერმა დილის განცხადებაში გვაუწყა, რომ ჩვენ უნდა გვიხაროდეს თურმე, რომ მაჩანჩალა ქვეყანა ვართ და ტრიოდან ამოვვარდით. "ქართულ ოცნებას" აღარც კი ელაპარაკება არავინ ევროპაში. კიდევ საქმის გარჩევას აპირებენ თურმე ბრიუსელში. დღეს მოქალაქეებისთვის ბოდიში უნდა მოეხადა ასეთ მძიმე მდგომარეობაში რომ ჩაგვაგდო,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვასაძე.
უმრავლესობა მზად არის პირობების შესასრულებლად, თუმცა ამბობს, რომ ეს მხოლოდ მმართველ გუნდზე არ არის დამოკიდებული, ოპოზიციამაც საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გარკვეული ნაბიჯები გადადგას დეპოლარიზაციის შესამცირებლად.