უკრაინის ყველაზე ცხელი წერტილი ახლა ლუჰანსკის ოლქია. მძიმე ბრძოლები სევეროდონეცკისთვის უწყვეტ რეჟიმში, თითქმის ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. განსხვავებული ვითარებაა ქალაქ ლისიჩანსკში. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, სტრატეგიულ პოზიციებს უკრაინელი სამხედროები სრულად აკონტროლებენ - მტერი ვერ ახერხებს წინსვლას, რის გამოც რეაქტიული სისტემებიდან ქალაქს უმისამართოდ ბომბავს.
კრიტიკული სიტუაციაა ლუგანსკის ოლქის თითქმის ყველა დასახლებაში. ოკუპანტებმა დაამყარეს კონტროლი ტოშკოვკაზე. ქალაქში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს ბრიტანული "გარდიანი" და დრონით გადაღებულ კადრებს ავრცელებს.
10 ადამიანი ემსხვერპლა აგრესორის იერიშს ხარკოვზე, მათ შორის 8 წლის ბავშვია. მძიმედ დაიჭრა მცირეწლოვანის დედა. ამ ინფორმაციას, ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ადასტურებს. მძიმე ვითარებაა ჩუგუევში, აქ დაბომბვის შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა 3.
ხერსონში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი ააფეთქეს. ტერიტორიაზე რამდენიმე ჭურვი ჩამოაგდეს, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. უკრაინის გენშტაბი იუწყება, რომ განადგურებულია შეიარაღება, რომელიც სევეროდონეცკის მიმართულებით შეტევისთვის იყო განკუთვნილი.
შეტევას ოკუპანტების კონტრშეტევა მოჰყვა. ხერსონის ოლქიდან ნიკოლაევის მიმართულებით 9 რაკეტა ისროლეს, სამიზნე ქალაქის ცენტრი იყო. ჯერჯერობით უცნობია მოჰყვა თუ არა იერიშს მსხვერპლი, ცნობები არც განადგურებული ობიექტების შესახებ ვრცელდება.
ოკუპანტების ინტერვენციის შედეგად უკრაინაში ინფრასტრუქტურის 30 პროცენტი სრულად განადგურდა. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, 25 მაისის მდგომარეობით, უკრაინის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი 105 მილიარდ დოლარს აღემატება. საკუთრი სახლი 320 000-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა.