15 ნოემბერი 2024,   16:06
ვრცლად
"თანმიმდევრულობით განვაგრძობთ მუშაობას, რათა სათანადო ვადებში მივიღოთ კანდიდატის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს გამართულ ბრიფინგზე, პარტიის სახელით ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროინტეგრაციის შედეგს საქართველომ  "ქართული ოცნების" წყალობით მიაღწია. 

"მინდა პარტიის - "ქართული ოცნების" სახელით გამოვეხმაურო ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომლითაც ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა ოფიციალურად აღიარა.

ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერისა და ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, ამით გადაიდგა მეოთხე, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. როგორც მოგეხსენებათ, ოთხივე შედეგს ქვეყანამ სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიაღწია.

ასეთივე თანმიმდევრულობით, "ქართული ოცნება" განაგრძობს მუშაობას, რათა სათანადო ვადებში მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

მადლობას გადავუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ამ გადაწყვეტილებისთვის და მხარდამჭერი სიტყვებისთვის ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

როგორც მოგეხსენებათ, შარლ მიშელმა გუშინდელ დღეს უწოდა ისტორიული მომენტი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში. მიშელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მან ქართველ ხალხს საბჭოს გადაწყვეტილება მიულოცა. 

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა და ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პერსონალურადაც მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გააძლიერებს როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს.

ყველას გვესმის, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ მთლიანად პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მიიღო. როგორც ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, გადაწყვეტილების განმსაზღვრელი, უპირველეს ყოვლისა, ომისა და ომთან დაკავშირებული უსაფრთხოების ფაქტორი გახდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. თუმცა, როგორც ომის მდგომარეობაში მყოფ უკრაინას, ისე სამხედრო კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე მოლდოვას ესაჭიროებოდათ განსაკუთრებული სოლიდარობის გამოხატვა და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა შესაბამისად იმოქმედა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ უკრაინასა და მოლდოვას, ევროპული პერსპექტივის აღიარებასთან ერთად, კანდიდატის სტატუსის წინსწრებით მიღებას.

საქართველოს მიმართ ევროკავშირის ლიდერების მილოცვებისა და მათი საზეიმო განწყობის ფონზე, სრულიად არაბუნებრივია ოპოზიციის რეაქცია ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე. ადამიანები, რომლებიც 2008 წელს წაგებულ ომს ზეიმობდნენ, დღეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას გლოვობენ. ამას აქვს თავისი კანონზომიერება: რადიკალურ ოპოზიციას უხარია საქართველოს წარუმატებლობა და სწყინს მისი წარმატება, რაც არა მხოლოდ მოვლენებზე მისი რეაქციებით, არამედ ყოველდღიური ქმედებებითაც არის გამოხატული.

საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის შესაქმნელად, რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს ფეიკზე დაფუძნებულ კამპანიას იმის შესახებ, რომ, თითქოს, კანდიდატის სტატუსის ამ ეტაპზე არმიღების პირობებში, საქართველომ ფინანსური და სხვა მატერიალური პრივილეგიები დაკარგა. აღნიშნული კამპანია მთლიანად სიცრუეს ეფუძნება. კერძოდ, როგორც კანდიდატი, ისე პოტენციური კანდიდატი და ასოცირებული ქვეყნები ევროკავშირიდან მატერიალურ -ფინანსურ დახმარებას იდენტური პრინციპითა და მოცულობით იღებენ. მაგალითად, 2014-2020 წლებში 5 კანდიდატი ქვეყნის წლიურმა დაფინანსებამ ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 34 ევრო შეადგინა, ხოლო იმავე წლებში საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ ერთ სულ მოსახლეზე გაცემული დაფინანსება 39 ევრო იყო. მომდევნო წლებისთვის საქართველოსთვის გათვალისწინებული დაფინანსებაც კანდიდატებისთვის განკუთვნილი დაფინანსების იდენტურია.

მოვუწოდებთ ყველას, ნუ შექმნიან ყალბ მოლოდინებს და სიცრუეზე დაფუძნებული კამპანიით, საზოგადოებაში ნეგატიური ემოციური ფონის ხელოვნურად შექმნას ნუ ეცდებიან. 

დასასრულს, კიდევ ერთხელ გადავუხდით მადლობას ევროკავშირს ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებისთვის. "ქართული ოცნება" უზრუნველყოფს საქართველოს შემდგომ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე. 
მადლობას ვუხდით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, საჯარო მოსამსახურეებს იმ სამუშაოსთვის, რომელიც ევროპული პერსპექტივის მისაღებად იქნა გაწეული.

რაც მთავარია, მადლობას ვუხდით ქართველ ხალხს, რომლის პროგრესულობისა და პრაგმატულობის დამსახურებაა ის, რომ საქართველო, ერთი მხრივ, ინარჩუნებს მშვიდობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და მეორე მხრივ, დგამს ნაბიჯებს ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისა და ევროკავშირის წევრობისაკენ,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები