ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივების მინიჭების შესახებ, საქართველოში მთავრობის მეთაური სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. ისტორიული ჩანაწერი და ქვეყნის ევროპული მიზნების აღიარება - ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს დასკვნას ასეთი შეფასება მისცა.
პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ევროკავშირმა ამ გადაწყვეტილებით ევროპის კარი საქართველოს რეალურად გაუხსნა. მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც მიულოცა.
პირობები ევროკავშირისგან 12 პუნქტს მოიცავს და როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, ხელისუფლება ახლა მუშაობას სწორედ ამ რეკომენდაციების შესასრულებლად იწყებს.
ხელისუფლების მზაობაზე აქცენტები პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა. პრემიერის შემდეგ ბრიუსელის გადაწყვეტილება მედიასთან შალვა პაპუაშვილმაც შეაფასა.
ხელისუფლებას აკისრებს სრულ პასუხიმგებლობას ოპოზიცია ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ამბობენ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი ხელიდან გაუშვა.
მიუხედავად მწვავე შეფასებებისა, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შანსი საქართველოსთვის - მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ჯერ კიდევ არსებობს. ამ მიზნის მისაღწევად, ხელისუფლების ოპონენტების აზრით, საჭიროა მთავრობის პოლიტიკური ნება.
ევროკავშირის გადაწყვეტილებას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეც. მმართველ გუნდში ოპოზიციის კრიტიკასაც უპასუხეს და თქვეს, რომ ამ ფორმით, ოპოზიცია ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს.
ევროკავშირის გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა დიპლომატმაც შეაფასა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპულმა საბჭომ ამ დასკვნით დაადასტურა მხოლოდ ერთი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.
ევროკავშირმა საბოლოო გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. დასკვნის მიხედვით უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივები და რეკომენდაციები, რომლის შესრულების შემთხვევაში წლის ბოლოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.