პარლამენტის წინ "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ევროკომისიის მიერ გაწერილ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას მოითხოვენ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ რასაც ერი მოითხოვს ქვეყანაში ის უნდა მოხდეს.
პოლიტიკური გაერთიანების ”ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ აუცილებელია ქვეყანამ ევროპული მიზნისკენ სვლა სწრაფად დაიწყოს.
"ასეთი მკაფიო არასოდეს ყოფილა მიზანი, კანდიდატობა, ვადები - წლის ბოლო და ასეთი მკაფიო არასოდეს ყოფილა საზოგადოება, რომ უნდა სიარული ევროპისკენ. პროტესტი უნდა იყოს ყოვლისმომცველი იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს,"- განაცხადა გიგი უგულავამ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ქვეყნისთვის საჭიროა დიდი ეროვნული ერთობა.
"ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ჩვენ გვჭირდება დიდი ეროვნული ერთობა იმისათვის, რომ დეკემბრამდე ყველა რეფორმა იყოს გატარებული. ევროკავშირის კანდიდატობა, ეს არ არის უბრალოდ მხოლოდ სიტყვები, ეს არის ახალი განვითარების ეტაპი ქვეყნისათვის," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
აქციაზე იმყოფება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მისი თქმით აუცილებელია მთავრობამ პოლიტპატიმრები ციხიდან გამოუშვას.
"ეს პროცესია, რომელიც დღეს არ დაწყებულა ჩვენს ბოლო ისტორიაში, 30 წლის წინ დაიწყო. ჩვენ მუდმივად ამ სულისკვეთებით ვიდექით აქ, ყველა ხელისუფლების დროს. ეს პროცესი თავის ხელში უნდა აიღოს ქართულმა საზოგადოებამ და ვისაც რა დადებითი როლის თამაშიც შეუძლია, უნდა ითამაშოს. იგივე შეუძლია გააკეთოს "ქართულმა ოცნებამ", გამოუშვან პოლიტპატიმრები და სხვა ნაბიჯები გადადგან,"- აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.