15 ნოემბერი 2024,   16:00
ვრცლად
"მიტინგზე გადაწყვიტა ხუთმა ადამიანმა, რომ მთავრობა შექმნას? ასე არ ხდება მთავრობის ფორმირება" - ალეკო ელისაშვილი

ე.წ. ტექნიკური მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ წინადადება არასერიოზულია და ინიციატივას არ იზიარებენ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მთავრობას ის აკომპლექტებს, ვინც არჩევნებში უმრავლესობას იღებს. 

"ეს დროებითი და ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა და ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა არასერიოზულად მიმაჩნია. რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. მიტინგზე გადაწყვიტა ხუთმა ადამიანმა, რომ მთავრობა შექმნას? ასე არ ხდება მთავრობის ფორმირება. ანა-ბანა არის პოლიტიკური მეცნიერებების, რომ მთავრობას აკომპლექტებს ის, ვინც არჩევნებში მიიღებს უმრავლესობას. საზოგადოების ერთ ნაწილს ჰგონია, რომ ღარიბაშვილს გადააყენებენ და თვითონ მთავრობას დააკომპლექტებენ და თვითონ იქნებიან პრემიერ-მინისტრები და მინისტრები, ეს რეალური ჰგონიათ და დეოლიგარქიზაცია და ნორმალური სასამართლო რომ გვქონდეს და დეპოლარიზაციას რომ მივაღწიოთ, ეს ჰგონიათ მიუღწეველი?" - ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებლად წარმოუდგენია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩია" წევრს, ჰერმან საბოს. 

"მე კარგად ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შეიქმნას ეს ტექნიკური მთავრობა და თუ ესეთი ანგელოზები გვყავდნენ, რომლებსაც შეუძლიათ საქართველოს 6 თვეში მიაღებინონ სტატუსი, აქამდე სად იყვნენ ან რა ლეგიტიმაცია აქვთ, ან როგორ აირჩევენ. მე შეუძლებელი მგონია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკოსების გარეშე," - ამბობს ჰერმან საბო.

დღის ამბები