26 აპრილი 2024,   21:29
ვრცლად
რა გამოხმაურებები მოჰყვა ვაშინგტონში ნატოს სამიტზე ფინეთთან და შვედეთთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას - დიპლომატები ნატოს კიდევ უფრო გაფართოების პერსპექტივაზე საუბრობენ

თურქეთის მიერ, შვედეთისთვის და ფინეთისთვის ნატოსკენ მიმავალი გზის გახსნას უკვე მოჰყვა ვაშინგტონის პირველი განცხადებები. პრეზიდენტმა ბაიდენმა მიულოცა სამივე ქვეყანას მემორანდუმზე ხელმოწერა და განაცხადა, რომ ძლიერი დემოკრატიების გაწევრიანება ნატოს კოლექტიურ თავდაცვას კიდევ უფრო განამტკიცებს. ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი და სპეციალისტი უსაფრთხოების საკითხებში რიჩარდ უეითზი, "რუსთავი 2-თან" ინტერვიუში ხაზს უსვამენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ანკარის თანხმობა, ნატოს ერთიანობის საჩვენებლად.

"ეს აგზავნის ძლიერ სიგნალს რუსეთში, რომ მის აგრესიას და უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულს, ევროპაში არავინ შეეგუება. ნატო ერთიანი იქნება, გაძლიერდება და საჭიროების შემთხვევაში მზად იქნება რუსეთისგან თავი დაიცვას. ორივე ქვეყანას, იმის გარდა რომ სიცოცხლით სავსე დემოკრატიაა და ევროკავშირის ნაწილი, ძლიერი სამხედრო პოტენციალი აქვს. მრავალი წელია ნატოს პარტნიორები არიან და წარმოადგენენ თანამშრომლობის მაგალითს საზღვარგარეთ, მათ შორის ავღანეთში. თითოეულს ჰყავს უნარიანი საჰაერო და საზღვაო ძალები," - აცხადებს კურტ ვოკერი

"ასე რომ არ ყოფილიყო და საკითხის გადაწყვეტა დაგვიანებულიყო, ალიანსი ძალიან არაეფექტური გამოჩნდებოდა და სხვა ქვეყნებს გაწევრიანების ხალისს დაუკარგავდა. კრიზისის თავიდან აცილება მნიშვნელოვანი იყო. ეს გააუმჯობესებს თურქეთს და ნატოს შორის ურთიერთობას. შვედეთი და ფინეთი მეტ სარგებელს მოუტანენ ალიანსს, ვიდრე თავად შეიძლება დასჭირდეთ. ეს რომ არ მომხდარიყო, სამიტი სუსტი გამოჩნდებოდა. ახლა კი ის წარმატებულია," - აღნიშნა რიჩარდ უეითზმა

ალიანსს რუსეთთან საზღვაო, თუ სახმელეთო საზღვრები დაარსების დღიდან ჰქონდა, თუმცა ფინეთის გაწევრიანების შემდეგ, რუსეთის საზღვრებთან ნატო კიდევ 1340 კილომეტრით ფართოვდება. მიუხედავად იმისა, რომ ჰელსინკი ამ საზღვარს ალიანსში ყოფნის გარეშეც იცავდა, ნატოს საზღვრების გაფართოება არის ის, რაც კრემლში ყველაზე ნაკლებად სურდათ. "რუსთავი 2-მა" ჰკითხა ვოკერს, რამდენად იქნება მზად ალიანსი კიდევ გასაფართოებლად და ასპირანტი ქვეყნების მისაღებად მაპის გარეშე, ისევე, როგორც შვედეთის და ფინეთის მიღება მოხდება. ვოკერი ამბობს, რომ მაპი საჭირო იყო ალიანსის წევრობისთვის მოსამზადებლად, თუმცა საქართველო ამ პროცესს უკვე გადის.

საქართველო ამას უკვე აკეთებს მისი ყოველწლიური ეროვნული გეგმით, ნატო-საქართველო კომისიის საშუალებით. იმავეს აკეთებს უკრაინაც. არ მგონია, მაპმა რამე ახალი შემატოს. მნიშვნელოვანია, რომ ნატო ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ გახსნილია უკვე მომზადებული, ახალი წევრებისთვის. ასევე ევროკავშირი, კანდიდატის სტატუსის უკრაინისა და მოლდოვისთვის მინიჭებით და პირობებით საქართველოსთვის, იძლევა სიგნალს, რომ ფანჯარა ღიაა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ ევროკავშირთან მიერთება. ვიმედოვნებ, მსგავსი სიგნალი იქნება ნატოდანაც და ვნახავთ, რომ საბოლოოდ, ეს ნაცრისფერი ზონა დაიხურება," - განაცხადა ვოკერმა

მემორანდუმით, ფინეთმა და შვედეთმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას და დაადასტურეს, რომ ქურთების მუშათა პარტია ტერორისტული ორგანიზაციაა. ისინი პირობას დებენ, რომ აღკვეთენ მის და მასთან აფილირებული პირების მოქმედებას. არ გაუწევენ მხარდაჭერას ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობას. მხარეები უმაღლეს დონეზე ითანამშრომლებენ ტერორიზმის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. დააკმაყოფილებენ თურქეთის მოთხოვნებს, ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ექსტრადირებაზე. ქვეყნებს შორის არა მხოლოდ უქმდება ყველანაირი ემბარგო იარაღზე, ფინელები და შვედები ჩართავენ კიდეც თურქეთს ევროკავშირის უსაფრთხოების საერთო ინიციატივებში.

სპეციალისტები ამბობენ, რომ თურქეთის წუხილი ტერორიზმის და ქურთების მუშათა პარტიის შესახებ ლეგიტიმური იყო. თუმცა დასავლეთში ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ მხარეები მოილაპარაკებდნენ, რადგან ევროპულ სახელმწიფოებს თავადაც აქვთ მტკიცე ანტიტერორისტული პოლიტიკა და ყველას სურს ამ ვითარებაში, ერთ პოზიციაზე იყოს.

დღის ამბები