2026 წლამდე, ყოველ წელს, საჯარო მოხელეების ხელფასი მინიმუმ ათი პროცენტით გაიზრდება - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ითქვა.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ეს ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა, მიღებული შემოსავლებით კი მთავრობას ეძლევა საშუალება საჯარო სექტორის ანაზღაურება კონკურენტული იყო კერძოსთან მიმართებით. გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ბიუჯეტის კორექტირება გახდება საჭირო.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ეს საჯარო მოსამსახურეების შრომის და კომპეტენტური საქმიანობის დაფასებაა.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება პრემიერის ამ ინიციატივისადმი ერთსულოვანი მხარდაჭერა, საჯარო მოსამსახურეები წარმოადგენენ მნიშვნელოვან ბირთვს, რომლებიც ქმნიან ბევრ სიკეთეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, სერვისების ნაწილი იქნება თუ სხვა საკითხი, შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეებს სჭირდებათ ყოველთვის მტკიცე მხარდაჭერა და ესეც არის გამოხატულება და დაფასება მათი შრომის, მათი კეთილსინდისიერი და კომპეტენტური საქმიანობის", - თქვა ოხანაშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ყველა მოხელეს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს ახორციელებს და უზარმაზარ ჭაპანს სწევს უფრო მეტად დაფასება სჭირდება.
"ყველას შრომა უნდა დაფასდეს, უნდა დაფასდეს რაც შეიძლება მეტად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არავითარი ინსინუაციისა და სპეკულაციის მიზეზი არ უნდა მიეცეთ ადამიანებს, რომლებიც ჩასაფრებულის პოზიციიდან იყურებიან. ყველა მოხელეს, რომელიც, რეალურად, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს ახორციელებს და უზარმაზარ ჭაპანს სწევს, რა თქმა უნდა, სჭირდებათ უფრო მეტად დაფასება. მე პირადად ასეთ ინიციატივებს ყოველთვის მხარს დავუჭერ, ვთვლი, რომ სამართლიანია," - თქვა სარჯველაძემ.