15 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
4 წლის განმავლობაში, 300 ათასამდე საჯარო მოხელეს ყოველწლიურად ხელფასი10%-ით გაეზრდება - მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს, ბიუჯეტის კორექტირებისთვის სექტემბერში მიმართავს

300 ათასამდე საჯარო მოხელეს, ყოველწლიურად, ხელფასი 4 წლის განმავლობაში ათი პროცენტით გაეზრდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საჯარო მოხელეებს ხელფასი წლებია არ გაზრდიათ, მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა კი სახელმწიფოს შესაძლებლობა მისც,  მილიონობით ლარი ამ მიმართულებით დახარჯოს. უკვე სექტემბერში ბიუჯეტის კორექტირება მოხდება, მთავრობა კი შესაბამის დადგენილებას გამოსცემს. საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდას ემხრობიან მთავრობის პოლიტიკური ოპონენტები, თუმცა სახელმწიფოს საკუთარ კრიტერიუმებს სთავაზობენ.

გადაწყვეტილებაზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. ინიციატივა საჯარო სამსახურებში დასაქმებულთათვის ყოველ წელს, ხელფასის 10 პროცენტიან ზრდას ითვალისწინებს. 2026 წლამდე, საჯარო მოხელეებს ხელფასი მინიმუმ 50 პროცენტით გაეზრდებათ. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 2017 წლის შემდეგ პირველად, 10 პროცენტით მომატებული ანაზღაურება დასაქმებულებმა მიმდინარე წლის იანვარში უკვე აიღეს.

პრემიერის განცხადების შემდეგ, საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის მატებაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ეკონომიკის ზრდის ფონზე თანხების მობილიზება, საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის გაზრდის საშუალებას იძლევა.

დღესვე, ცნობილი გახდა, რომ ბიუჯეტის კორექტირების მოთხოვნით მთავრობა პარლამენტს სექტემბერში მიმართავს. საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის მომატების საკითხზე პოლიტიკური ოპონენტები საკანონმდებლო ორგანოშიც თანხმდებიან, თუმცა ოპოზიციას ინიციატივაზე საკუთარი მოსაზრება აქვს.

მინისტრთა კაბინეტში განმარტავენ, რომ საჯარო მოხელეების ანაზღაურება ეკონომიკის მაჩვენებლების ზრდის შედეგად იმატებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იანვარ-ივნისში ეკონომიკა ათ ნახევარი პროცენტით გაიზარდა. მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი გამორჩეულია ევროპის მასშტაბითაც.

ოფიციალური მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნება ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებით. მაჩვენებლების ყოველთვიურ და კვარტალურ ანგარიშს საქსტატი სისტემატიურად აჯამებს.

დღის ამბები