21 დეკემბერი 2024,   20:26
ვრცლად
დადიანების სასახლეში პეტრე ოცხელის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, რომელსაც თეა წულუკიანი დაესწრო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელოვნების სასახლის დირექტორის გიორგი კალანდიას ინიციატივით, დადიანების სასახლეში პეტრე ოცხელის

დაბადებიდან 115 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

პეტრე ოცხელის გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვნების სასახლის 100-ზე მეტი ექსპონატი. 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დიდი ქართველი მოდერნისტი მხატვრის გამოფენა ზუგდიდსა და ქუთაისში პირველად ეწყობა. მანამდე პეტრე ოცხელის კოლექცია მხოლოდ თბილისისა და ევროპის რამდენიმე მუზეუმში იყო გამოფენილი.

დადიანების სასახლეში დამთვალიერებლები შეძლებენ ცნობილი მხატვრის მიერ შექმნილი სასცენო დეკორაციების და კოსტიუმების ესკიზების ნახვას შემდეგი დადგმებიდან: „ცეცხლის გამჩაღებლები“, „ბეატრიჩე
ჩენჩი“, „მუნჯები ალაპარაკდნენ“, „ჯოი სტრიტი“, „ჩვენ გავიმარჯვებთ“, „ვერაგობა და სიყვარული“, „სურამის ციხე“, „თეთრები“, „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი“, „ბომბეი“, „ურიელ აკოსტა“, „ოტელო“, „მშენებელი სოლსენი“ და არაერთი სხვა. დამთვალიერებელი ასევე იხილავს ზეთში შესრულებულ ტილოებს: „ბიჭის
პორტრეტი“, „ჩინელი ქალის პორტრეტი“, „ახალგაზრდა კაცის პორტრეტი“ და სხვა.  გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე გაიმართა პეტრე ოცხელის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაციაც. გამოფენასთან დაკავშირებით, ხელოვნების სასახლეში მომზადდა პეტრე ოცხელის ნამუშევრების კრებული, რომელიც
გამომცემლობა „სეზანმა“ კატალოგის სახით გამოსცა. კატალოგის პრეზენტაცია მუზეუმელთა ალიანსის მხარდაჭერით და საქართველოს ხელოვნების სასახლის ორგანიზებით შედგა. პეტრე ოცხელი გახლდათ მხატვარი, სცენოგრაფი და ქართული ავანგარდის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი წარმომადგენელი, რომელმაც თავისი უნიკალური ხედვითა და ნიჭით საქართველოში სრულად შეცვალა სცენისა და კოსტიუმების დიზაინი. იგი მუშაობდა თბილისის, ქუთაისისა და მოსკოვის თეატრებში ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ: კოტე მარჯანიშვილი, კონსტანტინე სტანისლავსკი და არაერთი სხვა. პეტრე ოცხელი ხატვას სკოლასთან არსებულ სტუდიაში ეუფლებოდა. 1926 წელს მან სწავლა
თბილისის სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა.

აღსანიშნავია, რომ ის პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში იღებდა განათლებას. პეტრე ოცხელის შემოქმედებითი დებიუტი 1927 წელს შედგა, როდესაც მუშათა თეატრში გააფორმა ანატოლი ლუნაჩარსკის „ცეცხლის გამჩაღებლები“. მის მიერ გაფორმებული პირველი სპექტაკლი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან სწორედ ამ სპექტაკლზე მუშაობის შემდეგ მიიღო მან კოტე მარჯანიშვილის შეთავაზება,რომ ქუთაისის თეატრში გაეგრძელებინა მოღვაწეობა. ცნობილია, რომ კოტე მარჯანიშვილმა და მისმა თეატრმა დიდი როლი ითამაშა პეტრე ოცხელის, როგორც მხატვრის ჩამოყალიბებაში.

პეტრე ოცხელმა გააფორმა ისეთი ცნობილი თეატრალური დადგმები, როგორებიცაა: „ურიელ აკოსტა“, „ხატიჯე“, „ოტელო“, „ყაჩაღები“, „მუნჯები ალაპარაკდნენ“ და კიდევ არაერთი სხვა. ასევე, მან დახატა ყველასთვის ცნობილი ესკიზები ლეო ესაკიას ფილმისთვის „მფრინავი მღებავი“.
პეტრე ოცხელს მიღებული აქვს ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტოს“ დადგმის კონკურსის პირველი პრემია ესკიზებისთვის და ლონდონის თეატრის მხატვართა გამოფენის დიდი ოქროს მედალი (1939 წელი). 
1937 წელს, უნიჭიერესი მხატვარი, პეტრე ოცხელი, რეპრესიებს ემსხვერპლა. იგი შემდეგი ბრალდების საფუძველზე დასაჯეს სიკვდილით: „მოსკოვში ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბება“.
დადიანების სასახლეში პეტრე ოცხელის გამოფენის ნახვას დამთვალიერებლები 12 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე შეძლებენ.

დღის ამბები