21 დეკემბერი 2024,   18:32
ვრცლად
"ოცნებიდან" წასული ოთხეულის კიდევ ერთი შეტევა ამერიკის ელჩზე - ყოფილი თანაგუნდელებისა და ოპოზიციის შეფასებები

"ოცნებიდან" განდგომილი ოთხეულის კიდევ ერთი შეტევა ამერიკის ელჩზე - ხუნდაძე, სუბარი, ყაველაშვილი და მაჭარაშვილი ამჯერად სასამართლო რეფორმაზე საელჩოს რეკომენდაციებით არიან უკმაყოფილოები. ოთხეული დიპლომატიურ მისიას სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევასა და "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირში სდებს ბრალს. "ოცნების" ყოფილი წევრები დარწმუნებულები არიან, რომ კელი დეგნანს ქართულ მართლმსაჯულებაში ფავორიტი მოსამართლეები ყავს, რომელთა დაწინაურება საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად სჭირდება. უმძიმესი ბრალდებების მთავარ მტკიცებულებად კი, ოცნებიდან წასულებს, საელჩოს რეკომენდაციების წერილი მოჰყავთ, სადაც სიტყვა "უნდა" 60-ჯერ აქვს გამოყენებული, რაც დეპუტატების მტკიცებით, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დიპლომატიური მისია "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლას ახორციელებს.

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მორიგ წერილს ოპოზიციაში მწვავე შეფასებები მოჰყვა.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ოთხეული მმართველი გუნდის პოზიციას ახმოვანებს, ეს წერილი კი მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის საელჩოს რეკომენდაციები გათვალისწინებული არ იქნება. ხუნდაძე, სუბარი, ყაველაშვილი, მაჭარაშვილის მორიგი ბრალდებებით არც "ქართულ ოცნებაში" არიან კმაყოფილები. "ოცნება" ამბობს, რომ მათი ყოფილი წევრების შეფასება საელჩოს რეკომენდაციებზე გადაჭარბებულია.

წერილის ავტორები კი ამბობენ, რომ პუნქტები, რომელიც საელჩომ გაწერა, რეკომენდაციაზე მეტად მოთხოვნებს ჰგავს. საელჩოს მიერ მომზადებული ტექსტი მმართველი პარტიის ყოფილ წევრებს უმყარებთ ეჭვს, რომ საელჩოს ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენაა მიმართული. ეს კი წერილის ავტორების განცხადებით, ქვეყნის სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობა და უხეში დამოკიდებულებაა.

"ოცნებიდან" გასული დეპუტატები საელჩოს მიერ მომზადებული დოკუმენტის კონკრეტულ პუნქტებზე ამახვილებენ ყურადღებას. მიაჩნიათ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არა ჩვეულებრივი, არამედ 3/5-ის უმრავლესობით აირჩევა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მოსამართლეების ორმაგი 2/3-ის უმრავლესობით წარდგენა და სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევა ნიშნავს, რომ ეს საკითხები მომავალში შესაძლოა პოლიტიკური ვაჭრობის თემად იქცეს. რაც, მათივე შეფასებით, სისტემის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. წერილის ავტორები ყურადღებას იმაზეც ამახვილებენ, საელჩო, დოკუმენტში უზენაესი სასამართლოს სამი მოქმედი მოსამართლის - ნინო ბაქაქურის, ეკატერინე გასიტაშვილისა და ზურაბ ძლიერიშვილის უვადოდ არჩევას მოუწოდებს, რასაც დეპუტატები სასამართლო სისტემაში ჩარევად აღიქვამენ.

ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრია, "ოცნებიდან" გასულ დეპუტატებს ურჩევს, დოკუმენტი ყურადღებით წაიკითხონ. დანარჩენი ოპოზიცია კი ამ წერილსაც ანტიდასავლურ გზავნილად და პარტნიორ ქვეყანაზე თავდასხმად მიიჩნევენ.

ყოფილი თანაგუნდელების შეფასებას მმართველი პარტიის ნაწილი არ იზიარებს და აცხადებენ, რომ საელჩოს დოკუმენტი რეკომენდაციული ხასიათისაა. მმართველი პარტიაში აცახდებენ, რომ სასამართლო რეფორმა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალსიწინებით უნდა მომზადდეს.

მოძრაობა "ხალხის ძალა", რომელიც ოცნებიდან წასული 4 დეპუტატის მიერ დაფუძნდა, ღია წერილებს აქტიურად აქვეყნებს. ამერიკის ელჩის და საელჩოს პოზიცია არაერთ საკითხზე გააკრიტიკეს, თუმცა მართლმსაჯულების ნაწილში განცხადება დღეს პირველად გაასაჯაროვეს. ბოლო ორ წერილზე, სადაც დეპუტატები ელჩს კონკრეტულ ბრალდებებს უყენებენ, კელი დეგნანს საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.

 

დღის ამბები