21 დეკემბერი 2024,   18:29
ვრცლად
სამართლიანი არჩევნების შემდეგ, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის სამუშაო ჯგუფებს 4 არასამთავრობო ორგანიზაცია ტოვებს - რა გეგმა აქვს მმართველ გუნდს

4 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც "სამართლიან არჩევნებს" მმართველმა პარტიამ უთხრა უარი, ხოლო "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", საარჩევნო კოდექსის პირველივე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, შეცვალონ გადაწყვეტილება, რომელიც, მათივე შეფასებით, დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ნაწილისთვის, ასევე, გაუგებარია "ქართული ოცნების" მხრიდან "სამართლიანი არჩევნების" პოლიტიკურ დაინტერესებაში დადანაშაულება. საუბარია ივნისში გამართულ აქციაზე, რომელსაც ორგანიზაციაც უერთდებოდა და სადაც მთავრობის გადაყენების ინიციატივა გაისმა.

უმრავლესობა გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს. სამუშაო ჯგუფებში ჩართვის სანაცვლოდ, "ქართული ოცნება" სამართლიანი არჩევნებისგან ითხოვს, გაემიჯნოს პოლიტიკურ მოთხოვნებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის გადაწყვეტილება გასაგებია ოპოზიციისთვის. პარტიები, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტის სამუშაო ჯგუფებს, ამბობენ რომ პროცესი ფარსია.

მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ პროცესში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლობა მათ არ შეუზღუდავთ. "სამართლიან არჩევნებთან" დაკავშირებით კი განმარტავენ, რომ კითხვები აქვთ ორგანიზაციის პოლიტიკური მიკერძოებულობის შესახებ.

დღეს სპეციალური განცხადება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმაც გაავრცელა, რომელიც სამუშაო ჯგუფებში არასამთავრობო ორგანიზაციებს წარადგენს. ეროვნულ პლატფორმაში აცხადებენ, რომ ნებისმიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ჩართულობა არ უნდა განისაზღვროს და მით უფრო შეიზღუდოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე. ფორუმი მზად არის გაიმართოს კონსულტაციები პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისთვის .

დღის ამბები