მასობრივი სამარხი, სასტიკად ნაწამები 440 ცხედარი და გასართობად მოკლული ადამიანები - ბუჩა იზიუმში განმეორდა. რუსული სისასტიკით გაოცებული მსოფლიო, ოკუპანტების რეალურმა სახემ კიდევ ერთხელ განაცვიფრა, ეს მას შემდეგ რაც ხაკივის ოლქის ტყეში, მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს.
უსახელო საფლავები, მშვიდობიანი მოქალაქეები, უკრაინელი სამხედროები - ცხედრებს წამების კვალი ეტყობა.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიომ აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება უნდა მოახდინოს. მისივე ინფორმაციით, გაერო უკვე ამზადებს ჯგუფს, რომელიც ჩავა იზიუმში და შეისწავლის იქ არსებულ სიტუაციას.
"გრძელდება იზიუმთან მასობრივი სამარხის ადგილზე ცხედრების ექსჰუმაცია. ამჟამინდელი მონაცემებით, აღმოჩენილია 440-ზე მეტი საფლავი. იქ დამარხული ადამიანების რაოდენობაზე ჯერ ადრეა საუბარი, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. არის ადამიანების წამების, მათი შეურაცხყოფის მკაფიო მტკიცებულებები, მეტიც, არის მტკიცებულებები, რომ რუსი სამხედროები, რომელთა პოზიციები აღნიშნული ადგილის სიახლოვეს იყო, მოკლულებს გასართობად ესროდნენ. მსოფლიომ ამ ყველაფერზე რეაგირება უნდა იქონიოს. რუსეთმა გაიმეორა იზიუმში ის, რაც ჩაიდინა ბუჩაში. ჩვენ ჯერ მხოლოდ ახლა დავიწყეთ სრული სიმართლის გაგება იმის შესახებ, რაც ხდებოდა ხარკივის ოლქში. გაერო უკვე ამზადებს ჯგუფს, რომელიც ჩავა იზიუმში და შეისწავლის იქ არსებულ სიტუაციას. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ჟურნალისტების სრულ წვდომას გათავისუფლებულ ტერიტორიაზე," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
როგორც ცნობილია, დეოკუპირებულ რეგიონში სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებას დაიწყებს გაერო.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ ქირბი.
"მსურს, გამოვეხმაურო უკრაინელი სამხედროების მიერ ახლადგანთავისუფლებულ იზიუში ნაპოვნ მასობრივი საფლავების საკითხს. ეს შემზარავია, საშინელებაა. არსებული ცნობებით, სამარხში 440-ზე მეტი ცხედარი იყო, რომელთა შორის არიან სამოქალაქო პირები. სამწუხაროდ, ეს შეესაბამება იმ მანკიერებას და სისასტიკეს, რომლითაც რუსეთის ძალები უკრაინის და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ამ ომს აწარმოებენ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისა და სისასტიკეების აღრიცხვის ძალისხმევის მხარდაჭერასა და რუსებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად ეროვნული და საერთაშორისო ძალისხმევის ხელშეწყობას," - განაცხადა ქირბიმ.