08 მაისი 2024,   08:52
ვრცლად
ელისაბედ II-ს ადგილობრივი დროით 22:30-ზე დაკრძალავენ - ლონდონის ქუჩებში, მთელი დღის განმავლობაში უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებია მიღებული

ვესტმინსტერის სააბატოდან დედოფალი საფეხმავლო მსვლელობით გადაასვენეს ლონდონის ჰაიდ პარკთან, ველინგტონის თაღამდე. ამ წუთებში კი მსვლელობა მიმდინარეობს უინძორის ციხესიმაგრისკენ.

მანამდე აქ ბრიტანეთის ეროვნული ჰიმნი შესრულდა. ვესტმინსტერის სააბატოში სახელმწიფო პანაშვიდი გაიმართა. შესრულდა ლოცვა და სამგლოვიარო სიმღერა. მსახურების დასასრულს დედოფლის პატივსაცემად 2 წუთიანი ეროვნული დუმილი იყო. გაჟღერდა ეროვნული ჰიმნი "ღმერთო დაიფარე მეფე".

ცერემონიას ჯამში სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე ლიდერი და მაღალჩინოსანი დაესწრო. ლონდონში იმყოფებიან ჯო ბაიდენი, ემანუელ მაკრონი, ასევე კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრები.

ელისაბედ მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. საღამოს დედოფალს დაკრძალავენ გარდაცვლილ მეუღლესთან, მეფე ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამლოცველოში.

ელისაბედ მეორე, 96 წლის ასაკში, ბალმორალის ციხესიმაგრეში 8  სექტემბერს გარდაიცვალა.

ამ წუთებში დედოფალს უინძორების სასახლეში მიასვენებენ. სამგლოვიარო პროცესიას გზად ათასობით ადამიანი დახვდა, კორტეჟს სამხედრო და საპოლიციო ძალები იცავენ. გზას ლონდონიდან უინძორების სასახლისკენ კი სამეფო ოჯახის წევრებიც მიუყვებიან, მათ შორის მეფე ჩარლზ მე-3 და პრინცები, ჰარი და უილიამი.

დედოფლის დაკრძალვის ცერემონიალი დილიდან მიმდინარეობს, რომელიც ვესტმინსტერის დარბაზიდან დაიწყო. 

ლონდონის ქუჩებში კი მთელი დღის განმავლობაში უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები იქნა მიღებული. გარდა იმისა, რომ ისტორიულ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ბრიტანეთის დედაქალაქი დღეს მსოფლიო ლიდერებს პლანეტის ყველა წერტილიდან მასპინძლობს.

დედოფალს დღეს ადგილობრივი დროით 22:30-ზე დაკრძალავენ.

 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები