24 ნოემბერი 2024,   09:07
ვრცლად
"შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება ახალი საფრთხეების და ცვალებადი გარემოს პირობებში" - თბილისი მე-4 საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

რეგიონული სტაბილურობისთვის თბილისი მე-4 საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს - წელს ძირითადი თემაა: "შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება ახალი საფრთხეების და ცვალებადი გარემოს პირობებში".

მისასალმებელი სიტყვით მონაწილეებს ამერიკის ელჩმა მიმართა. კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო უწყებები და სამოქალაქო სექტორი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით იკრიბებიან, რათა საჭიროების შემთხვევაში საპასუხო ნაბიჯებზე შესაბამისი მზაობა იყოს.

"მოხარულები ვართ, რომ ამ მნიშვნელოვანი ფორუმის თანადამფინანსებლები ვართ, რომელიც წელს შავი ზღვის რეგიონში ბირთვულ და რადიოლოგიურ საფრთხეებს ეხება. ეს ძალიან აქტუალური საკითხია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა არაერთხელ გამოთქვა მუქარა ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო უწყებები და სამოქალაქო სექტორი იკრიბებიან და განიხილავენ ამ საკითხებს, რათა საჭიროების შემთხვევაში საპასუხო ნაბიჯებზე შესაბამისი მზაობა იყოს," - განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ ბირთვული უსაფრთხოება მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

"საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ზოგადად ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული უსაფრთხოების საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომელშიც კონტროლი საერთაშორისო მექანიზმების ამ მიმართულებით სათანადოდ არ ხორციელდება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ ფონზე, როდესაც დღეს ეს საკითხები მთელი მსოფლიოსთვის და არა მარტო საქართველოსთვის არის ერთ-ერთი ნომერი პირველი რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინაში, სადაც ბირთვული უსაფრთხოება მთელი მსოფლიოსთვის დგას როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი," - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

დღის ამბები