როდის გადმოასვენებენ სამშობლოში, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს, ჯერჯერობით, უცნობია. პროცედურას ბახმუტთან მიმდინარე მძიმე ბრძოლები ართულებს. ოჯახები ახალ ინფორმაციას ელოდებიან.
"კურიერი" დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს ესაუბრა.
"ომში წასული იყო თვენახევარია. წასვლის მიზანი იყო, ჩვენი ძმები იქ იბრძვიან და მათ ვჭირდები, ჩემნაირი კადრი სჭირდებათო. რამდენი "ვოისიც" და წერილიც აქვს გამოგზავნილი, ყველგან ის წერია, რომ ჩემი შვილების მომავლისთვის ვიბრძვიო. დილით მომწერა ბოლო "ვოისი" - გავდივარ, ტელეფონს ვთიშავ და როგორც კი გამოვალ, დაგიკავშირდებითო, ნუ გეშინიათ ცოცხალი დავბრუნდებიო," - განაცხადა დაღუპული ავთო რურუას მეუღლემ ელმირა ინალიშვილმა.
"ყველაზე რთულ ოპერაციაზე ეს უნდა წასულიყო. გამოცდილება მაქვსო და სხვებს როგორ გავუშვებო. ჩვენს სახლში ომი არ დასრულებულა. დღემდე ომის ქარცეცხლში ვართ. ახლა ცხედარიც სანატრებელი გვაქვს. ვერ გამოასვენეს, ძალიან ღრმად არიან შესული და ვერ შეძლეს ბიჭებმა," - აღნიშნა დაღუპული რომეო ფიჩხაიას დამ ჯულიეტა ფიჩხაიამ.
33-მდე გაიზარდა დაღუპული ქართველი მებრძოლების რაოდენობა. სარაკეტო იერიშს რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი, ბადრი მარკელია, ავთო რურუა და როლანდ კვარაცხელია ემსხვერპლნენ. ისინი ბახმუტთან პოზიციების გამაგრებას ცდილობდნენ. კიევში უკვე გადაასვენეს 1 დეკემბერს დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მეომარი. ჯამბულათ ხოფერიას სამოქალაქო პანაშვიდი უკრაინის დედაქალაქში წმინდა ვოლიდიმირის სახელობის ტაძარში გაიმართა.